საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამას მნიშვნელოვნად გააძლიერებს 34.5 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის დამატებითი დაფინანსება, რომელიც „მსოფლიო ბანკის“ აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 7 ივნისს დაამტკიცა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „მსოფლიო ბანკიდან“ აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, თანხა დაემატება 2020 წლის მარტში „მსოფლიო ბანკის“ მიერ საქართველოს COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტისათვის გამოყოფილ 80 მლნ. აშშ დოლარს, რომლის მიზანია საქართველოს დახმარება პანდემიის მიმართ საპასუხო ღონისძიებების განხორციელების და მისი ზემოქმედების შერბილების მიმართულებით.
დღეს დამტკიცებული დამატებითი დაფინანსების ძირითადი ამოცანებია COVID-19-ის ვაქცინების თანასწორი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საქართველოს ვაქცინაციის სისტემის გაძლიერება ვაქცინის ეფექტური გამოყენების ხელშესაწყობად, და ასევე, COVID-19-ზე საპასუხო ღონისძიებების განმტკიცება. ამ მხარდაჭერის მეშვეობით, მსოფლიო ბანკს წვლილი შეაქვს საქართველოს მთავრობის გეგმის განხორციელებაში, რაც 2021 წელს მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას გულისხმობს.
„მსოფლიო ბანკი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი იყო, რომელმაც საქართველოს კრიზისის დაწყებისთანავე აღმოუჩინა მხარდაჭერა COVID-19 -ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის საშუალებით და ახლა, ამ დამატებითი დაფინანსებით ჩვენ მთავრობას ვაქცინაციის გეგმის რეალიზაციაში დავეხმარებით“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.
მისი თქმით, „პანდემია, უპირველეს ყოვლისა, დიდ ტვირთად დააწვა ქვეყნის ეკონომიკას, მის ხალხს და საწარმოებს, ამდენად, ვაქცინაციის ძლიერი გეგმა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს სწრაფი და მდგრადი აღდგენისთვის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის.“
დამატებითი დაფინანსება, COVID-19-ზე რეაგირების ძირითადი პროექტის ფარგლებში, ხელს შეუწყობს პანდემიის საპასუხო ღონისძიებების გაფართოებისათვის საჭირო ხარჯების დაფარვას. მისი საშუალებით მოხდება COVID-19-ის ვაქცინების, მათ შორის, შპრიცების და სხვა მარაგების შეძენის და გამოყენების მხარდაჭერა, ვაქცინის ლოგისტიკის და განაწილების, დაგეგმვისა და მართვის, ვაქცინასთან დაკავშირებული კომუნიკაციისა და საინფორმაციო კამპანიის, ტრენინგისა და ზოგადად ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების ჩათვლით.
„მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის 34.5 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის დამატებით დაფინანსების გამოყოფა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს გლობალური პანდემიის კონტექსტში, როდესაც ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებას, იმუნიზაციას და მიზნობრივ სოციალურ დახმარებას სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც მსოფლიო ბანკისგან პანდემიის დაწყებისთანავე სწრაფი ფინანსური მხარდაჭერა მიიღო 80 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ქვეყნის მოქალაქეების დახმარებაში. კიდევ ერთხელ მსურს გამოვხატო მადლიერება ჩვენი პარტნიორების მიმართ ყოველი ძალისხმევისთვის, რომელიც მათ ჩვენთან ერთად განახორცილეს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში,“ – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
„გასული წლის განმავლობაში COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების ძირითადი პროექტის მეშვეობით, მსოფლიო ბანკი საქართველოს დახმარებას უწევდა პანდემიით გამოწვეული საფრთხეების პრევენციასა და საპასუხო ღონისძიებების განხორციელებაში. პროექტი ჯანდაცვის სამინისტროს დაეხმარა სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო აღჭურვილობის – 4 მილიონზე მეტი პისიარ, ასევე ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტის და დნმ -ის ექსტრაქციის ნაკრების, 1000-ზე მეტი ჟანგბადით თერაპიის აპარატურის, ასევე სარეანიმაციო და გადაუდებელი დახმარებისთვის განკუთვნილი საწოლებისა და ხელოვნური სუნთქვის აპარატების და სხვა აუცილებელი საგნების, მათ შორის 11 მლნ. პერსონალური დაცვის საშუალების შეძენაში. ამასთან ერთად, პროექტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჯანდაცვის დაწესებულებების სადიაგნოსტიკო და სამკურნალო შესაძლებლობების განვითარებაში, მათი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვით.
უფრო მეტიც, პროექტმა ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მთავრობის სოციალური დახმარების პაკეტის განხორციელებაში, რითაც ყოველთვიური დროებითი დახმარება მიიღო 80,000-მა ოჯახმა; დამატებითი ფინანსური დახმარება კი დაახლოებით 25,000 -მა ისეთმა ოჯახმა, რომელსაც 3-ზე მეტი შვილი ჰყავს; ასევე, ერთჯერადი დახმარება მიიღო 370,000 -მა თვითდასაქმებულმა ფიზიკურმა პირმა, ხოლო დროებითი უმუშევრობის დახმარება 160,000 -ზე მეტმა ადამიანმა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
„მსოფლიო ბანკის დახმარება არსებითი იყო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბანკის დახმარებით ჩვენ გაცილებით სწრაფად და ეფექტიანად შევძელით ადაპტაცია და რეაგირება პანდემიის ზემოქმედების მიმართ. დღეს ჩვენ ხელთ გვაქვს მთავარი ინსტრუმენტი პანდემიის დასასრულებლად – ესაა ვაქცინა. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ ვაქცინაციის პროცესის უკეთ ადმინისტრირებას. მსურს მსოფლიო ბანკს, ჩვენს უმნიშვნელოვანეს პარტნიორს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა პანდემიასთან ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის დახმარებისთვის,“ – აღნიშნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
დამატებითი დაფინანსება, ისევე როგორც ძირითადი პროექტი, „მსოფლიო ბანკის“ მიერ საქართველოსათვის გაწეული ფინანსური დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელიც ასევე მოიცავს ახლახან ხელმოწერილ ხელშეკრულებას 85 მლნ. ევროს გამოყოფასთან დაკავშირებით, რომლის მიზანია პანდემიით დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დახმარება. ხოლო მანამდე ბანკმა საქართველოს გამოუყო 45 მლნ. ევროს დაფინანსება „ეკონომიკური მართვის და კონკურენტუნარიანობის ამაღლების განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის“, რითაც მთავრობას საბიუჯეტო დახმარება აღმოუჩინა საგადასახადო შემოსავლების მკვეთრი ვარდნისა და ანტიკრიზისული ღონისძიებებისთვის ხარჯების ზრდის პირობებში, რათა შენარჩუნდეს რეფორმების პროგრესი ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია „მსოფლიო ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.