საქართველოში დისტანციური სწავლის რეჟიმზე 63 სკოლა და 188 ინდივიდუალური კლასი რჩება, – ამის შესახებ ინფორმაცია, დღეს განათლების სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.
სკოლის მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე მშობლების თხოვნით, ან კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში გადადიან. საერთო ჯამში, ქვეყანაში დაახლოებით 2 300 საჯარო და კერძო სკოლაა.
ბოლო შვიდი დღის განმავლობაში, სკოლის მოსწავლეების 0,05% -ს დაუდასტურა Covid-19. რაც შეეხება სკოლების პედაგოგებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს, აქ ინფიცირების სიხშირე 0.3% იყო.
შემცირდა რისკ-ჯგუფის მასწავლებლების რაოდენობა, რომლებმაც დისტანციურად მუშაობის სურვილი გამოთქვეს. ამ დროისთვის დისტანციურ გაკვეთილებს ქვეყნის მასშტაბით 120 მასწავლებელი ატარებს.
სკოლის მოსწავლის, ან მასწავლებლისთვის ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები ვრცელდება – მთელი სკოლა, ან კონკრეტული კლასი გადავა დისტანციურ სწავლებაზე.
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ 2020-2021 სასწავლო წლის საკლასო ოთახებში დასრულება ამ ეტაპზე საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ თითოეული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ყველაფერს აკეთებს, რომ პანდემიის მესამე ტალღა სასწავლო პროცესისთვის ნაკლებად დამაზიანებელი იყოს.
ამ მიზნით სკოლებში მაქსიმალურად არის დაცული ჰიგიენა. ამასთან, ინტენსიურად მიმდინარეობს მასწავლებელთა სისტემური ტესტირება ორ კვირაში ერთხელ, პარალელურად კი გრძელდება ვაქცინაცია ქვეყნის მასშტაბით.