ბოლო ზარს და სკოლის დამთავრების ტრადიციულ ბანკეტს მეორე წელია, ეპიდემიის გამო, ჯავახეთში არ აღნიშნავენ. მიუხედავად ამისა, კურსდამთავრებულებს დიდი სურვილი აქვთ ჩაატარონ ბოლო ზარისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ასევე, სკოლის ბოლო ვალსი იცეკვონ მშობლიური სკოლის ეზოში.
10 მაისს, საიტმა Etalon Education-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აღნიშნული იყო, თუ რა პირობებში იქნება შესაძლებელი ბოლო ზარის ღონისძიების ჩატარება. კერძოდ, ვკითხულობთ: «აკრძალულია მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება, მაგრამ თუ ბავშვებს სურთ ღონისძიებების ჩატარება სკოლის ეზოში, ღია სივრცეში, ამას არავინ კრძალავს.
თუ ღონისძიება ტარდება ღია სივრცეში, მშობლების მონაწილეობაც დასაშვებია, მაგრამ თუ ღონისძიება ტარდება შენობაში, მხოლოდ მასწავლებლების მონაწილეობა იქნება ნებადართული, რადგან ოქმის თანახმად, მშობლებს ეკრძალებათ სკოლის შენობაში შესვლა. წლეულს ბოლო ზარის ღონისძიებაზე აკრძალვა არ არის დაწესებული, როგორც ეს შარშან იყო».
JNEWS-ის სტატიაში სათაურით იკრძალება თუ არა ბოლო ზარი, ბანკეტი და ექსკურსია დეტალურად აღწერილია ბოლო ზარის დეტალები, თუმცა ამის შემდეგ ჯავახეთის სკოლებმა მიიღეს ინსტრუქცია, რომ ღონისძიებები აკრძალულია.
ამასთან დაკავშირებით, JNEWS-ის რედაქცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გვიპასუხეს, რომ ბოლო ზარის თემა დღის წესრიგში დგას. ხოლო კონკრეტული პასუხი იმაზე, თუ რა, როგორ და სად შეიძლება ბოლო ზარის ჩატარება, გაირკვევა 17 მაისის ბოლოს. Jnews-ი გაცნობებთ, თუ სამინისტროსგან პასუხს მიიღებს.