ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთის საშუალო სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. სკოლა კაპიტალურად რემონტდება და ექსპლუატაციაში ივნისში შევა.
“უკვე გარე სამუშაოები მიმდინარეობს, შიგნით ფილებს ვაწყობთ. რამდენიმე დღეში უკვე შიდა კოსმეტიკურ სამუშაოებზე გადავალთ. სკოლის გვერდით აშენდება სტადიონი. ვფიქრობთ, რომ სამუშაოებს ივნისის ბოლოს დავასრულებთ. სექტემბრისთვის ბავშვებს სკოლის ახალ შენობაში შეეძლებათ სიარული», – თქვა კომპანია «არფი გრუპის» წარმომადგენელმა, რომელიც სკოლის სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს.
აზავრეთის სკოლაში გათბობის თანამედროვე სისტემა იქნება. ის ასევე გათვლილი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. სკოლას ექნება ლაბორატორია.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა აზავრეთის სკოლის სარემონტო სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, ტენდერში კომპანია «არფი გრუპმა» გაიმარჯვა საკონტრაქტო თანხით – 1`839-006.31 ლარი.
ბავშვები, რომლებიც სკოლის ახლოს შეიკრიბნენ, სკოლის გახსნას მოუთმენლად ელიან.
«მე-8 კლასში ვსწავლობთ. დიდი სიამოვნებით გვინდა ახალ სკოლაში სიარული, ჩვენი სკოლის ძველი შენობა ავარიული იყო»,- ამბობენ მოსწავლეები.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთის სკოლა დანგრევის პირას იყო, სკოლის შენობაში მოსწავლეები და პედაგოგები უსაფრთხოდ არ იყვნენ. ამ სკოლაში 100-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს.