ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2021 წლის მარტში ფულის მასა 2,4 მლრდ ლარით გაიზარდა.
უფრო კონკრეტულად, M2 აგრეგატმა, რომელიც ფაქტობრივად ფულის მთლიან მასას ასახავს ეკონომიკაში, 13,615 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,4 მილიარდი ლარით მეტია. ანუ გამოდის, რომ ერთი წლის განმავლობაში ფულის მასა დაახლობით 21%-ით გაიზარდა.
ეკონომიკაში ფულის მასის დრამატული ზრდა 2015 წლიდან დაიწყო, კერძოდ, 2015 წლის დეკემბერში ფულის მასის მოცულობა 5,685 მილიარდ ლარს შეადგენდა, 2016 წლის დეკემბერში 6,526 მილიარდ ლარს, 2017 წლის დეკემბერში ფულის მასის მოცულობამ ეკონომიკაში 8,350 მილიარდი ლარი შეადგინა, 2018 წელს 9,675 მილიარდი ლარი, 2019 წლის ბოლოს 11,495 მილიარდი ლარი, ხოლო გასული წლის ბოლოს, ფულის მასის მოცულობამ ეკონომიკაში 13,659 მილიარდი ლარი შეადგინა.
ფულის მასის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კორონავირუსისგან წარმოქმნილი კრიზისია, რის გამოც საქართველოს მთავრობამ ანტიციკლურ ფისკალურ პოლიტიკას მიმართა, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ხარჯვითი ნაწილი გაზარდა.