არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ განცხადება მან „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„მინდა, გაგაცნოთ სიახლე საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმეთვიანი დაძაბული მოლაპარაკებები დასრულდა შეთანხმებით, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან ერთად მე პარტია „ქართულ ოცნებას“ წარმოვადგენდი, ვთვლი, რომ პარლამენტში შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის მართებულ იქნება დავტოვო სპიკერის პოზიცია და ამ თანამდებობაზე წარვადგინოთ ადამიანი, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან გაუძღვება. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაკეთოთ როტაცია. ახლა, როცა პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, რომ ჩემი ადგილი დარბაზშია, კოლეგების გვერდით და არა სპიკერის პოზიციაზე.

ჩემთვის, დიდი პატივი იყო მეცხრე და მეათე მოწვევის პარლამენტებში თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობა. მადლობას ვუხდი გუნდს, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს თანამოქალაქეებს მხარდაჭერისთვის, მოთმინებისთვის და გვედით დგომისთვის. ერთად განვაგრძობთ მუშაობას და ბრძოლას მომავალი წარმატებისთვის და ჩვენ აუცილებლად მოვიპოვებთ ახალ გამარჯვებებს და უზრუნველვყობთ ქვეყანაში პროგრესს“ , – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.