ახალქალაქში დღეს, 22 აპრილს, გამწვანების აქცია გაიმართა. დაირგო ფიჭვის და ტუიას 250 ძირი ნერგი, ხოლო 20 ნერგი სანერგეში დააბრუნეს, რადგან მათი მდგომარეობა არ შეესატყვისებოდა ხელშეკრულებაში მითითებულ მოთხოვნას.
270 ნერგი გამწვანების აქციისთვის ადგილობრივ მთავრობას კომპანია “აისმა” მიაწოდა. ეს კომპანია აშენებს ჰესებს – “ახალქალაქი – 1”-ს და “ახალქალაქი – 2”-ს.
ფიჭვის 200 ნერგი ახალქალაქის საკრებულოს და მერიის, ახალქალაქის განვითარების ჯგუფის (LAG), სპორტული კომპლექსის, ახალქალაქის სერვისცენტრისა და კომპანია “აისის” თანამშრომლებმა ვაჩიანის გზატკეცილის მიმდებარედ დარგეს.
ტუიას 25 ნერგები აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე პარკში, ერევნის გზაჯვარედინის მოპირდაპირედ დარგეს. აღნიშნული ტერიტორიის გამწვანებაში ახალქალაქის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ტუიას კიდევ 25 ნერგი ავტოსადგურის მიმდებარედ სერვისცენტრის თანამშრომლებმა დარგეს.
ნაძვის 20 ნერგი უკან დაუბრუნეს სანერგეს, რადგან კომპანია “აისსა” და ასპინძის სანერგე მეურნეობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული იყო, რომ ნერგები 1 მეტრის სიმაღლის უნდა ყოფილიყო, ხოლო ახალქალაქში დარგული ნერგები მხოლოდ 20 სანტიმეტრის სიმაღლის იყო. შედეგად, ახალქალაქის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ნერგები სანერგე მეურნეობას დაუბრუნა, რომ იქიდან 1 მეტრის სიმაღლის ნერგები ჩამოეტანათ. 20 ნერგიდან 4 ორ საბავშვო ბაღს (No2, No3) გადაეცემა, 1 ნერგი სურბ ხაჩის ეკლესიის ეზოში დაირგვება, დანარჩენი 15 კი, ახალქალაქის ცენტრალურ ე.წ “ხას ბახჩაში” დაირგვება.
დედამიწის მსოფლიო დღე 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს, ერთ – ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანია იმართება.