კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 156 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 910 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 6%-ის ვაქცინაციისთვისაა საკმარისი, – შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს. პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 16.3 მილიონ ადამიანს უტარდება.
აშშ-ში ვაქცინის 211 მილიონი დოზა გამოიყენეს, ჩინეთში – 192 მილიონი, ინდოეთში 126 მილიონი, ევროკავშირში კი – 112 მილიონი.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 55% ვაქცინის ორივე დოზით აიცრა. მას ჩილე მოჰყვება, სადაც ვაქცინის ორივე დოზა მოქალაქეთა 28.4%-მა მიიღო. მე-3 ადგილს აშშ იკავებს 25.7%-ით.
გამოცემა წერს, რომ მაღალგანვითარებულ ქვეყნებში ვაქცინაცია 25-ჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ღარიბ ქვეყნებში.