საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება 55 წელს გადაცილებულ პირებში გაგრძელდება.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის შემდეგ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„გუშინ ევროპის წამლის სააგენტომ, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელა დამატებითი ინფორმაცია „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებული შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ. ექსპერტების კომიტეტმა ორივე ორგანიზაციაში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებული სარგებელი აღემატება ყველა იმ შესაძლო რისკს, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის პაციენტებში შესაძლოა, ვაქცინაციის ფონზე გამოვლინდეს. თუმცა მათ აღიარეს შესაძლო კავშირი თრომბოზურ გართულებასა და „ასტრაზენეკას“ შორის, უიშვიათესია ეს გართულება, დღევანდლამდე არსებული სტატისტიკა მიუთითებს, რომ შესაძლებლობა არის დაახლოებით ოთხი, ერთ მილიონ მოსახლეზე, ეს არის ბრიტანეთის მონაცემი, მაგრამ მაინც ჩაითვალა საჭიროდ ყურადღების გამახვილება ამ ტიპის გართულებაზე. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, რამდენიმე ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში „ასტრაზენეკას“ გამოყენების შეჩერების თაობაზე გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში, მაგალითად, დანიაში, ნიდერლანდებში, ნორვეგიაში „ასტრაზენეკას“ გამოყენება გაგრძელდება 60 წლის ზემოთ მოსახლეობაში, საფრანგეთში 55 წლის ზემოთ მოსახლეობაში, შვედეთში, ესპანეთში 65 წელს ზემოთ მოსახლეობაში, თუმცა ესენციურ ჯგუფებში, სადაც რისკი განსაკუთრებით მაღალია, ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში შესაძლოა, გაგრძელდეს „ასტრაზენეკას“ გამოყენება.
ექსპერტების საბჭომ იმსჯელა სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად და გაუწია რეკომენდაცია „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის გაგრძელებას 55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, იქნება ეს მაღალი რისკის, თუ ნებისმიერი სხვა ჯგუფი, გამომდინარე ქრონიკული დაავადების არსებობიდან ან იმ კუთვნილებიდან, რომელიც მის რისკს ზრდის პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს ესენციური სერვისების მიმწოდებლები, ჯანდაცვის პროფესიონალები. ვაქცინაციის პროგრამა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით გაგრძელდება 55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში. ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით შემდგომი გაფართოება ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასთვის“ აღარ მოხდება“, – აღნიშნა გაბუნიამ.
მისივე თქმით, გაგრძელდება „ასტრაზენეკას“ მოწოდება, რადგან 55 წელს გადაცილებულ პირთა წრე საკმაოდ ფართოა.
„ასტრაზენეკას“ ვაქცინის მოწოდება გაგრძელდება, რადგან საკმაოდ ფართოა 55 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფი. ის დოზა, რომელიც გვაქვს, საკმაოდ მცირეა. ხანდაზმულებში საკმაოდ მაღალი შედეგები აქვს „ასტრაზენეკას“, მისი მოწოდება გაგრძელდება ჩვეულებრივად“ , – დასძინა გაბუნიამ.
გარდა ამისა, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ერთჯერადად უკვე აცრილ ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეეძლება, ამავე ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთოს.
„რაც შეეხება პირველი ვაქცინაციის ჩატარებას და ისევ „ასტრაზენეკათი“ მომდევნო ვაქცინაციას, ამ შემთხვევაში რაიმე ცვლილების შესახებ რეკომენდაცია საჭირო არ არის. ამდენად, იმან, ვინც უსაფრთხოდ ჩაიტარა ვაქცინის პირველი დოზა, ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში, ასევე შეუძლია, ჩაიტაროს ვაქცინის მეორე დოზა, როცა 8 და 12-კვირიანი ინტერვალით მოუწევს ჩატარება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.