ჰაკერებმა „ფეისბუქის“ 533 მილიონზე მეტი მომხმარებლის პირადი მონაცემები მოიპარეს და ინტერნეტში გაავრცელეს, მათ შორის – საქართველოდან მომხმარებლების მონაცემებიც
ჰაკერებმა „ფეისბუქის“ 533 მილიონზე მეტი მომხმარებლის პირადი მონაცემები მოიპარეს და ინტერნეტში გაავრცელეს. გამოცემა therecord-ის ინფორმაციით, საქმე ეხება 106 ქვეყნის მოქალაქეებს. მათ შორის არის აშშ-ის 32 მილიონი მოქალაქის, ასევე 11 მილიონი ბრიტანელი მომხმარებლისა და ინდოეთის ექვსი მილიონი მოქალაქის პირადი მონაცემები.
აღსანიშნავია, რომ ამ სიაში მოხვდა საქართველოდან 95 193-ზე მეტი მომხმარებლის პირადი მონაცემებიც.
როგორც იუწყებიან, ინტერნეტში ხელმისაწვდომია „ფეისბუქის“ მომხმარებელთა ბიოგრაფია, დაბადების თარიღი, მობილური ტელეფონის ნომერი და ა.შ.
კომპანია „ფეისბუქში“ ამბობენ, რომ ჰაკერებმა ეს ინფორმაცია სავარაუდოდ ორი წლის წინ მოიპარეს, როდესაც სოციალურ ქსელში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარვეზები აღმოაჩინეს.