საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ხუთი ლარის (დაახლოებით 1,8 დოლარის) ნომინალით საკოლექციო ვერცხლის მონეტა გამოუშვა, რომელიც ტოკიოში XXXII საზაფხულო ოლიმპიურ თამაშებს მიეძღვნა.
მონეტების დიზაინის ავტორი ივა იანეზაშვილია. ესკიზი ღია კონკურსით შეარჩიეს. მონეტა ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანაში მოიჭრა.
მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ტოკიოს მთავარი ოლიმპიური არენის არქიტექტურის სტილიზებული გრაფიკული გამოსახულება. არენის შიდა ნაწილში გამოსახულია საქართველოს მოფრიალე დროშა. მონეტის ცენტრალურ მარჯვენა ნაწილში განთავსებულია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ლოგო. წრიულ რკალში კი დატანილია წარწერები: – NATIONAL OLYMPIC TEAM OF GEORGIA და “ზაფხულის ოლიმპიური თამაშები”.
მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს სპორტული მარათონის სარბენი ბილიკის სტილიზებული გამოსახულება. ქართულ და ინგლისურ ენებზე დატანილია წარწერები: “5 ლარი”, “საზაფხულო ოლიმპიური თამაშები იაპონიაში” . მონეტის განსხვავებული კუთხით დახრისას მონაცვლეობით ჩნდება წლები “2020” და “2021”.
პროდუქცია 1-ლი აპრილიდან 5 დღის განმავლობაში გაიყიდება. მათი შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72-ე კმ.) და საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში (ყვარელი, შოთა რუსთაველის N10) იქნება შესაძლებელი.
ვერცხლის მონეტის ფასი (წონა 15,5 გრამი) 80 ლარს შეადგენს.
“საქართველოს სპორტის ოლიმპიური ისტორია XX საუკუნის 50-იანი წლებიდან იწყება. წინა წლების ოლიმპიადებისა და შემდგომ, დიდ საერთაშორისო ასპარეზობებზე სპორტსმენთა მიერ მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს წარმომადგენლები მომავალ ოლიმპიურ თამაშებზეც წარმატებებს მიაღწევენ», – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტოკიოში ოლიმპიადა 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უნდა გამართულიყო. თუმცა, პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო და 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. ღონისძიების სახელწოდება არ შეცლილა – «ტოკიო 2020».