საქართველო „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციას აგრძელებს. გადაწყვეტილება ექსპერტთა ჯგუფმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო.
“ცოტა ხნის წინ ევროპის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან შევიტყვეთ „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებული დასკვნა. ის არის აღიარებული, როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც აქვს გაცილებით მეტი სარგებელი, ვიდრე რისკი, რაც არ აძლევს არცერთ ქვეყანას საფუძველს, შეჩერებული იყოს „ასტრაზენეკას“ მოხმარება ნებისმიერ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, საბჭომ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯგუფმა საკითხზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.
როგორც ცნობილია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.