საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, კორონავირუსის ვაქცინა, რომლითაც აიცრებიან, საკუთარი სურვილის მიხედვით შეარჩიონ იმ ვაქცინებიდან, რომლებიც საქართველოში შემოვა.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია სამედიცინო ასოციაციების როლი საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ დღეს ჩვენ გვაქვს შეხვედრა სამედიცინო ასოციაციებთან. მათი როლი და ჩართულობა ამ პროცესში არის უმნიშვნელოვანესი. მათ აქვთ წვდომა როგორც სამედიცინო პროფესიონალებთან, ასევე ჩვენს მოსახლეობასთან. შესაბამისად, გაზიარებული იქნება მათთვის ჩვენი პლატფორმა, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთვის მათი პლატფორმები, რაც მოახდენს როგორც ექიმებში, ისე მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებას. ეს პროცესი რეალურად დაწყებულია და მეტი ინტენსივობით გაგრძელდება. რაც შეეხება მოლოდინებს და არსებულ მდგომარეობას, თუ როგორია ახლა მოსახლეობის განწყობები: მოსახლეობის განწყობა, დეკემბერთან და იანვართან შედარებით, მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, თუმცა ეს არ არის საკმარისი და ამისათვის ჩვენ კიდევ გვაქვს დამატებითი სამუშაოები განსახორციელებელი. ეს, პირველ რიგში, იქნება კამპანია, რომელიც მიმართული იქნება ცნობიერების ამაღლებისკენ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ვაქცინის შერჩევისას მთავარია აღიარება მკაცრი მარეგულირებელი ორგანოს მხრიდან.

„ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი და ჩვენ ამას ვემხრობით. ის კვლავაც იქნება ნებაყოფლობითი. ასევე, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობითი იქნება ვაქცინის არჩევა და ჩვენს მოქალაქეებს მივცემთ საშუალებას, აირჩიონ მათთვის სანდო ის ვაქცინა, რომელსაც მეტად ენდობიან. რაც შეეხება ხარისხის კომპონენტს და განსხვავებას ვაქცინებს შორის, აქ მთავარი არის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან ვაქცინის აღიარება და მაშინ, როდესაც ჩინურ ვაქცინასაც აქვს და ექნება მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან აღიარება, ეს უკვე მის ხარისხს არ აყენებს ეჭვის ქვეშ. ასევე მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იქნას, რომ ჩინური ვაქცინა დამზადებულია ტრადიციულ მეთოდებზე, რაც შესაძლებელია, ძალიან ბევრი მოქალაქისთვის პირიქით, უპირატესობის განმსაზღვრელი გახდეს“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

კითხვაზე, ნებაყოფლობითია თუ არა ვაქცინაცია ექიმებისთვისაც, მინისტრმა აღნიშნა, რომ ვაქცინაცია ექიმების შემთხვევაშიც ნებაყოფლობითია, თუმცა დარწმუნებულია, რომ მათი მხრიდან აქტივობა მაღალი იქნება.

​„ექიმების შემთხვევაშიც აცრები არის, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობითი, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, ექიმებმა იციან რა ვაქცინაციის მნიშვნელობა, მათი სანდოობა და შესაბამისად, აქტივობა ამ პროცესში იქნება ძალიან მაღალი“, – დასძინა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველო კორონავირუსის ვაქცინის პირველ პარტიას 13 მარტიდან მიიღებს.