1-ლი მარტიდან ჯანდაცვის საერთო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ოპერაციების დაფინანსება განახლდა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრომ საქართველოს პირველ არხს აცნობა. ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოში ისევე, როგორც მთელ საქართველოში, გეგმიური და თვალის ოპერაციები გაკეთდება. გეგმიური ოპერაციები ჯანდაცვის სამინისტროს დამტკიცების შემდეგ ჩატარდება.
გასული წლის ნოემბერში ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო გეგმიური ქირურგიული მომსახურებისათვის საგარანტიო საბუთის გაცემა ჯანდაცვის საერთო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეჩერებული იყო. ახალქალაქის საავადმყოფოში სამი წლის განმავლობაში მხედველობის ოპერაციის გასაკეთებლად ოფთალმოლოგებს თბილისიდან იწვევდნენ. თვალის ოპერაციები ორ თვეში ერთხელ ტარდებოდა. ახალქალაქის ჰოსპიტალში მკურნალობდნენ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა სხვადასხვა ტიპის კატარაკტა, გლაუკომა, ხალიაზიონი, პტერიგიუმი და სხვ. სამი წლის განმავლობაში ახალქალაქის საავადმყოფოში დაახლოებით 100 ოპერაცია ჩატარდა.
ოპერაციები უფასოა პენსიონერებისთვის: 70%-ს იხდის სახელმწიფო, 30%-ს მუნიციპალიტეტი. დანარჩენი მოქალაქეები ოპერაციის სრული თანხიდან 30%-ს იხდიან.