ახალქალაქში 2 პატარა ჰიდროელექტროსადგურს ააშენებენ. ჰესების მშენებლობა საზოგადოებაში სხვადასხვა რეაქციას იწვევს. ბუნებისდაცვითი ორგანოები თვლიან, რომ სადგურებისგან უარყოფითი ზეგავლენა უფრო მეტია, ვიდრე დადებითი. ხელისუფლების წარმომადგენლები ამას, როგორც მუნიციპალიტეტის შემოსავლების ძირითად წყაროს უყურებენ. ხოლო მოსახლეობას, ვინც სადგურთან ახლოს ცხოვრობს, ეშინია და ეწინააღმდეგება. იმის გამოთვლა, თუ რა არის უფრო მეტი, სარგებელი თუ ზარალი, რთულია, თუმცა Jnews-ი სხვადასხვა მხარის არგუმენტებს წარმოგიდგენთ.
ჰესი და ახალქალაქი
მდინარე ფარავანზე, ახალქალაქიდან ახალციხემდე, აშენებულია ან მშენებელობის პროცესშია ორი დიდი ჰესი: «ფარავანი» და «რუსთავი». «რუსთავი» ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა, «ფარავანი» კი ახალქალაქის. უახლოეს მომავალში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კიდევ ორი ჰესის, «ახალქალაქი 1» და «ახალქალაქი 2» მშენებლობა დაიწყება.
ჰესი «ფარავანი» ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს, სადგურის სიმძლავრე 90მგვტ.-ს შეადგენს, თუმცა ამჟამად 35-40მგვტ სიმძლავრე აქვს. «ახალქალაქი 1-ს» სიმძავრე 7.5მგვტ. იქნება, ხოლო «ახალქალაქი 2-ს»სიმძლავრე იქნება 1.8მგვტ. ამას გარდა, მდინარე ფარავანზე და მის შენაკადებზე აშენებულია 4 პატარა ჰესი, რომელთა სიმძლავრე არ აღემატება 1მგვტ.-ს. ჰესი, რომელიც ხულგუმოს ხიდის ქვეშ მდებარეობს, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული არსებობს. ამჟამად სადგური გამომუშავებულ ელექტროენერგიას “Energo Pro Georgia-ს” ენერგოგამანაწილებელ კომპანიას აწვდის. დანარჩენი პატარა სადგურები გამომუშავებულ ენერგიას, ძირითადად, იმ ადგილობრივ მომხმარებლებს, მაღაზიებს და სხვა ობიექტებს აწვდიან, რომლებისთვისაც უფრო ხელსაყრელია ამ სადგურებისგან შეძენა.
ჰესები და მოსახლეობა
ახალქალაქში ორი ჰესის მშენებლობის სამუშაოებს კომპანია შპს «აისი» შეასრულებს. ამ პროექტთან დაკავშირებით, კომპანიის წარმომადგენლები, ასევე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები რამდენჯერმე შეხვდნენ ახლო მდებარე სოფლების მოსახლეობას, როგორც მერიაში, ასევე სოფლებში. მოსახლეობასთან შეხვედრებს განგრძობითი ხასიათი აქვს.
სოფელი კორხის და დილისკის მოსახლეობამ, სადაც ახალი ჰესები აშენდება, დაასახელა მიზეზები, თუ რატომ არ სურთ აღნიშნული ჰესების მშენებლობა. მათ ეშინიათ შედეგების, რომ მორწყვის სეზონზე წყალი სადგურს არ ეყოფა და მორწყვისას, სასმელი წყლების წყაროები გაქრება…
«ჩვენ მივეცით თანხმობა, რომ გამოიყენონ ჩვენი ტერიტორია. ეს პირველი ეტაპია. ჩვენ ჯერ არ ვიცით ხელშეკრულებაში რა პირობები იქნება, მაგრამ მუდამ მოსახლეობის მხარეს ვიქნებით. მოვითხოვთ, რომ ხელშეკრულებაში შეიტანონ მორწყვის სეზონზე ჰესების სამუშაოს შეჩერება»,- თქვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, არმენ მარანგოზიანმა.
წყლის ნაკადი და მდინარის კალმახი
ჯავახეთი მდიდარია წყლის რესურსებით, თავისებური ფლორითა და ფაუნით. ჯავახეთის მდინარეებში სხვადასხვა თევზი ბინადრობს, მათ შორის მდინარის კალმახი რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი. ადგილობრივი მეთევზეები ჩივიან, რომ ჰესების გამო მდინარის კალმახი გადაშენების პირას არის, რადგან მდინარის კალაპოტში წყლის ნაკადი იკლებს და ქვირითობის დროს თევზი მდინარის მიმართულებით ზემოთ ცურვას ვერ ახერხებს.
პასუხისმგებელი ორგანოები ამტკიცებენ, რომ აკეთებენ ყველაფერს, რათა ჰესებმა ძლიერი უარყოფითი გავლენა არ მოახდინონ მდინარეების წყლის სამყაროზე. რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტორი პაატა პარუნაშვილი ამბობს, რომ 24 საათიან ელექტრონულ მონიტორინგს ატარებენ.
«თუკი 15 წუთი არ იქნება წყალი, კომპიუტერი ინფორმაციას გადასცემს მათ, ვინც აკონტროლებს. თევზგამტარი ობიექტების გარეშე პროექტი არ მიიღება. ამის გარეშე იქნება ჯარიმები. სამცხე-ჯავახეთში მსგავსი შემთხვევები არ ყოფილა, მაგრამ სხვა რეგიონებში დაჯარიმების შემთხვევები დაფიქსირდა»,- ამბობს პაატა პარუნაშვილი.
სახსრები, რომლებიც ბიუჯეტში ჰესებიდან შედის.
ეკოლოგიური გავლენის საკითხები უფრო აბსტრაქტული ხდება, როდესაც საქმე ეხება კონკრეტულ თანხებს, რომლებიც ჰესებიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შედის.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ყველაზე დიდი ჰესი «ფარავანი» თურქულ კომპანია «Georgia Urban Energy-ს» ეკუთვნის. ყოველწლიურად, ტერიტორიის გამოყენებისათვის, ჰესი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 200 000 ლარს იხდის, ხოლო ასპინძის მუნიციპალიტეტს 2 000 000 ლარს უხდის. ასევე სადგურზე დასაქმებულია 34 ადამიანი.
«ახალქალაქი 1» და «ახალქალაქი 2» ჰესების მშენებლობისთვის კომპანია «აისი» ახალქალაქის მუნიციპალიტეტს ყოველწლიურად 200 000 ამერიკულ დოლარს გადაუხდის.
«დღეს ჩვენი ბიუჯეტი 8მლნ ლარს შეადგენს, რომელთაგან 6მლნ-ს რკინიგზის სადგური და ჰესები იხდიან. ესენი რომ არა, ჩვენ ვერ შევძლებდით სამუშაო ანაზღაურების გადახდას, საბავშვო ბაღების შენარჩუნებას, გზების შენებას, სოციალური დახმარების გაწევას და სხვა. თუ ასე ვიმსჯელებთ, ეკოლოგიის მხრივ, მანქანებიც საზიანოა ჯანმრთელობისთვის, ეს რიტორიკული შეკითხვაა, გააჩნია როგორ შეხედავ ამ საკითხს»,- ამბობს არმენ მარანგოზიანი.
ეკოლოგიური შეფასება მნიშვნელოვანია
არასამთავრობო ორგანიზაცია «მწვანე ალტერნატივას» თანამშრომელი, დავით ჭიპაშვილი თვლის, რომ ჰესის მშენებლობის ყველა პროექტი დეტალურად უნდა განიხილოს, შეისწავლოს და შეფასდეს. ყველაზე დიდი პრობლემა, მისი აზრით, არასწორი შეფასებაა.
«შეფასება გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის ფარგლებში ხორციელდება. შეფასება- ანგარიშია, რომელიც გარემოზე გავლენას აფასებს და ამის საფუძველზე იძლევა მშენებლობის დაწყების თანხმობა. პროექტი ყველანაირ გავლენას ახდენს, როგორიც კი არის შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია ადგილზე. ეს გავლენას ახდენს ბუნებაზე, მდინარის ეკო სისტემაზე. იმ შემთხვევაში, თუ არის დასახლებული პუნქტი, იქ სოციალური გავლენაც არის. ჩვენს შემთხვევაში ყველაზე პრობლემატურია ის, რომ მსგავსი პროექტების აუცილებლობა არცერთ დოკუმენტში არ წერია. მე ვგულისხმობ ეკოლოგიურ და ენერგეტიკულ საჭიროებას და აუცილებლობას»,- ამბობს დავით ჭიპაშვილი.
ის თვლის, რომ საქართველოს ენერგეტიკული განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმები არ გააჩნია.
«თუ რისთვის ვაშენებთ ჰესებს, ეს არ არის მითითებული. ამიტომ ჩნდება პრობლემა. რისთვის ვაშენებთ ჰესებს, რა როლი უნდა შეასრულონ ჰესებმა პროექტებში, არ არის დასაბუთებული. პროექტმა რეალურად უნდა დაამტკიცოს მისი აუცილებლობა. მაგალითად, ნორვეგიაში, ავსტრიაში, შვედეთში გადაწყვეტილების მიღების პროცესი (არა მშენებლობა) გრძელდება 10 წელი. ეს არც ისე ადვილია, როგორც ჩვენთან, როდესაც ზედაპირულ გადაწყვეტილებებს ღებულობენ. ეს რთული საკითხია. არ შეიძლება ითქვას, რომ ჰესები არაფერზე არ მოქმედებენ»,- ამბობს დავით ჭიპაშვილი.
«ფარავნის» ჰესის ეკოლოგის დავით ნოზაძის თქმით, რომელიც ასევე ორი ახალი ჰესის ეკოლოგია, ჰიდროელექტროსადგურები გარემოს არ აბინძურებს.
«ჩვენ მხოლოდ მდინარეებს ვეხებით. არის მრიცხველი, რომელიც აკონტროლებს მდინარეში წყლის მოცულობას. ნიშანი, მასზედ თუ რამდენ წყალს ვუშვებთ, ყოველ 3 წამში ერთხელ გადაეცემა, რათა მდინარე არ დარჩეს წყლის გარეშე. ჩვენ ვიყენებთ ნაწილს, თუ გამოვიყენებთ მთლიანად მდინარე დაშრება. ჩვენ ნორმის გათვალისწინებით წამში 1,75კუბ.მ. წყალს ვიყენებთ. თუ წყალს შევწყვეტთ, ამას ბუნების დამცველი ნახავს, ისინი წყალს აკონტროლებენ»,- ამბობს დავით ნოზაძე.
გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ვიდრე ჰესების მშენებლობაზე თანხმობას გასცემენ, მანამ ხორციელდება გრძელი და დეტალური შეფასება. 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა «გარემოს დაცვის შეფასების კოდექსი», რომლის მიხედვით მოსახლეობას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღებაში და ექსპერტიზის მიერ ჩატარებულ პროცედურებში.
«ბუნების დაცვის გადაწყვეტილებების მიღებისათვის იქმნება კომისია, სადაც შეიძლება მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივმა ექსპერტმა. აღნიშნული კომისიის სამუშაოს შედეგები გადაეცემა ექსპერტიზას. ყველა ეტაპის დასრულების შემდეგ მინისტრი გადაწყვეტს უარი თქვას თუ დაეთანხმოს რაიმე ქმედებას»,- ნათქვამია სამინისტროს წერილში ჩვენი მოთხოვნის საპასუხოდ.
ახალი ჰესების «ახალქალაქი 1» და «ახალქალაქი 2» საბუთები, შპს «გამა კონსალტინგისგან» თანხმობის მიღებისათვის, საექსპერტო შეფასებით სამინისტროში შეიტანეს. სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის 20 თებერვლისთვის შესრულდა ადმინისტრაციული წარმოება, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, უფრო სწორად არ არის თანხმობა აღნიშნული ჰესების მშენებლობაზე.
«გარემოს დაცვაზე თანხმობის მიღების მიზნით შპს «აისიმ» მიმართა სამინისტროს წერილით № 14634 2019 წლის 15 ოქტომბრიდან და წარადგინა გარემოს დაცვაზე ანგარიში. აღნიშნული პროექტის მიხედვით ხორციელდება ადმინისტრაციული წარმოება და შესაბამისად თანხმობა ჯერ არ არის მიღებული»,- გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პასუხი.
ჩვენი მოთხოვნის საპასუხოდ ნათქვამია, რომ ჰესების მშენებლობა და ექსპლუატაცია 5მგვტ.-იანი ან მეტი სიმძლავრით გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ექვემდებარება. ხოლო 2-დან 5მგვტ.-მდე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადურების მშენებლობა და ექსპლუატაცია ექვემდებარება სკრინინგს.
სკრინინგი-კვლევების კომპლექსი, რომელიც მიზნად ისახავს ელექტროენერგიის შესაძენად ღირებულების შემცირების შესაძლო გზების მოძიებას.
ზარალია უფრო მეტი თუ სარგებელი ყველა რეგიონისთვის ინდივიდუალურია და აბსტრაქტული, რადგან ეკოლოგიური გავლენა იგრძნობა არა უცბად და მკვეთრად. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირები შეისწავლიან ყველა დადებით და უარყოფით მხარეს.