საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მთავრობა ამ ეტაპზე ე.წ. კომენდანტის საათის შემსუბუქებაზე არ მსჯელობს, რომელიც მოქალაქეებს 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებას უზღუდავს.
თურნავას განცხადებით, აღნიშნულს წინ უნდა უძღოდეს სერიოზული მსჯელობა და ანალიზი, რომელიც ამ ეტაპზე არ განიხილება. მინისტრი აცხადებს, რომ გადაადგილების შეზღუდვის შემსუბუქებამდე ან მოხსნამდე მთავრობამ უნდა იმსჯელოს იმ ბიზნესების აღდგენაზე, რომლებიც ამ დრომდე ვერ ახერხებენ მუშაობის დაწყებას. მათ შორის თურნავამ სპორტული დარბაზები და საბავშვო ბაღები დაასახელა:
“ერთ-ერთი ყველაზე წონადი ნაბიჯი, რომელიც განვახორციელეთ, როდესაც დავაწესეთ ნოემბრის დასაწყისში წერტილოვანი შეზრუდვები, იყო გადაადგილების შეზღუდვა. მე არ დავარქმევდი ამას კომენდანტის საათს. სწორედ ამ ზომის გამო დღეს ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ შეზღუდვების შემსუბუქებაზე.
ეს ცალსახად იყო ისეთი ამკრძალავი ზომა, რომელმაც ცალსახად სხვა ქვექყნებშიც და მათ შორის საქართველოშიც მოგვცა პოზიტიური შედეგი. მის შემსუბუქებაზე ან გაუქმებაზე მსჯელობას წინ ძალიან დიდი ანალიზი უნდა უძღოდეს. ჯერჯერობით ამაზე მსჯელობა არ არის.
ჩვენ ახლა ვმსჯელობთ შემდეგ ნაბიჯებზე, რადგან დარჩა ჯერ კიდევ ბიზნესები, სადაც არ შეგვიმსუბუქებია მიდგომა და ვერ გავხსენით ჯერჯერობით საბავშვო ბაღები, ფიტნეს ინდუსტრია, სპორტული ობიექტები. ალაბთ, პირველ რიგში, ვისმჯელებთ ამ სფეროებზე, საქალაქთშორისო ტრანსპორტზე, ხოლო ღამის საათებში შეზღუდვებს უფრო გვიან მოვიტოვებთ” ,- ამბობს თურნავა.
დღეიდან, 15 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დიდ ქალაქებში, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში, სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა.
რეგულაციების შემსუბუქების პარალელურად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწსებულებებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა ევალებათ, ასევე, განათლების მინისტრის განცხადებით, მოხდება მასწავლებლების რეგულარული ტესტირება ახალ კორონავირუსზე.
ასევე დღეიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას. თუმცა შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება.