სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლის მუშაობა გამოიკვლია, გამოავლინა ხარვეზები. სამსახურმა მერიას ხარვეზების გამოსწორების რეკომენდაციები მისცა. ახალქალაქის მერიამ გადახედა და აუდიტის სამსახურს პასუხი დაუბრუნა, თუ რა დროში გამოასწორებს შეცდომებს.

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მუშაობაში ხარვეზები გამოავლინა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა იურიკ უნანიანმა JNEWS-თან საუბარში განაცხადა, რომ აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი ხარვეზები და უზუსტობები ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს შეეხებოდა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში 2018 წლის დასაწყისიდან მოქმედებს შიდა აუდიტის და ზედამხედველობის სამსახური, რომელიც უფლებამოსილია აკონტროლოს, როგორც მერიის სამსახურების მუშაობა, ასევე განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

კითხვაზე, რატომ იყო ხარვეზები, თუკი პროცესის მაკონტროლებელი სამსახურები არსებობს, იურიკ უნანიანმა განაცხადა: გვყავს კომისია, რომელიც ზედამხედველობის გარდა, სამუშაოს მიმდინარეობას ყველანაირად აკონტროლებს. კომისია მოდის და ნახულობს, რამდენად კომპეტენტურია კომისია… კომისიაში მშენებლებიც არიან. ძირითადად დიდი სამუშაოებისთვის არსებობს “ქრიზოლიტი” (ექსპერტების ორგანიზაცია თბილისიდან. რედ.), რომელიც დასკვნას გვაძლევს, ისინი აფასებენ და ექსპერტიზას ატარებენ. ხარვეზების დანახვა შესაძლებელია, თუ ისინი თვალსაჩინოა”, – თქვა იურიკ უნანიანმა.

თუმცა, აღნიშნულმა სპეციალისტებმა პროცესში, ალბათ, უზუსტობები ვერ შეამჩნიეს…
“სპეციალისტების ასეთი კლასი არ გვყავს, ჩვენ მაღალი კლასის მშენებლები არ გვყავს, ასეთებს  “ქრიზოლიტიდან” ვქირაობთ. ჩვენ გვყავს ზედამხედველობა, რომელმაც მიმდინარე სამუშაოები უნდა აკონტროლოს. აუდიტს საკუთარი ინიციატივით შეუძლია გეგმიური შემოწმების ჩატარება. ფინანსურ ნაწილში აბსოლუტურად არაფერი არ გვაქვს, ყველა უზუსტობა ინფრასტრუქტურაში იყო”, – განაცხადა  იურიკ უნანიანმა.

ახალქალაქის მერმა JNEWS-თან ზოგიერთ კონკრეტულ პროექტზეც ისაუბრა, სადაც აუდიტმა უზუსტობები გამოავლინა.

სოფელ ვარევანის კლუბი. კლუბის რეაბილიტაციისთვის 61 408 ლარი გამოიყო, რომელთაგან 58 337 ლარი იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო დანარჩენი – ადგილობრივიდან. კლუბის რეაბილიტაცია 2018 წელს შპს “იაკობმა” განახორციელა.

“ექსპლუატაციის შემდეგ, ერთი წელი გავიდა და მერე გახდა ნათელი, რომ სამუშაო უხარისხოდ იყო შესრულებული. ჭერი ჩამოინგრა და იატაკი აიყარა. რამდენჯერმე ვაცნობეთ კომპანიას, რომ ხარვეზები გამოესწორებინათ, ისინი არ მოვიდნენ. ჩვენ ვუჩივლეთ. ალბათ, ობიექტის აღებისას ეს ხარვეზები ვერ დაინახეს”.

სოფელ ალათუმანის წყალსადენი მილი. სოფელში ახალი წყალსადენი მილი 2018 წელს გაიყვანეს,  რის გამოც, ადგილობრივმა ბიუჯეტმა 205 840 ლარი გამოყო, თუმცა არასწორად შედგენილი პროექტის გამო წყალმა სოფლამდე ვერ მიაღწია. 2020 წლის 21 აგვისტოს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები კვლავ დათანხმდნენ სოფელ ალათუმანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 61 162 ლარი გამოეყო.

“ჩვენ სამშენებლო ორგანიზაციას 27 000 ლარი არ გადავუხადეთ (რადგან შედეგი არ იყო), მათ გვიჩივლეს და მოიგეს, რადგან დაამტკიცეს, რომ პროექტით ააშენეს, შეცდომა პროექტის ავტორებმა დაუშვეს. შარშან ისევ ავაშენეთ, ახალი პროექტი შევადგინეთ, ამაღლებული ადგილის გვერდის ავლით. არ ვიცოდით, რა თანხა დავჭირდებოდა. ზარალი უნდა ვიცოდეთ. ვაპირებთ პროექტის ავტორებს ვუჩივლოთ სასამართლოში”, – განაცხადა იურიკ უნანიანმა.

ხულგუმოს საბავშვო ბაღი. სოფელ ხულგუმოს საბავშვო ბაღის შენობა ნაყიდია 2014 წელს 32 000 ლარით. ამ წლების განმავლობაში საბავშვო ბაღის შენობაში სარემონტო სამუშაოებზე დახარჯულია 16 000, 24 000, 42 000 და 2700 ლარი, 1536 ლარი. საბავშვო ბაღი დღემდე არ მუშაობს წყალგაყვანილობის არარსებობის გამო.

“წყალი საბავშვო ბაღში უკვე შეყვანილია, ის წელს ამუშავდება”.

რაც შეეხება უზუსტობას ინვენტარიზაციაში. აუდიტის სამსახური ირწმუნება, რომ მერიამ მუნიციპალიტეტის ქონების ინვენტარიზაცია არ განახორციელა. მერი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის ქონების ინვენტარიზაცია ჩატარებულია.

ხოლო მუნიციპალიტეტის ზარალის საკითხს, იმის გამო, რომ ქონება არაუფლებამოსილი პირების მიერ გამოიყენება იჯარის გადასახადის გარეშე, იურიკ უნანიანმა აღნიშნა, რომ ტანსაცმლის ბაზრობის ტერიტორია იგულისხმება.

“ჩვენ ფაქტობრივად ორ წელზე მეტი ხნით ტანსაცმლის ბაზრობის ტერიტორიას უფასოდ ვაძლევთ, გამყიდველები საკუთარი ადგილის, ასევე პავილიონების გადასახადს არ იხდიან. ერთი პავილიონი ამჟამად უკანონოდ არსებობს. რაც შეეხება საძოვრებს, როცა 2017 წელს მოვედით, მაშინვე შევცვალე საძოვრებისთვის მიწების გაცემის პრინციპი. აქამდე, ამ მიწებიდან წელიწადში 50 000 ლარზე მეტი შემოსავალი გვქონდა. მე პრინციპი შევცვალე და მიწების გაქირავება აუქციონით დავიწყეთ და შემოსავალი 4-ჯერ გაიზარდა, დაახლოებით 200 000 ლარი გახდა”, – განაცხადა იურიკ უნანიანმა.

სახელმწიფო შესყიდვებში უზუსტობები, მერის იურიკ უნანიანის თქმით, ეხებოდა ერთ შემთხვევას, რომელშიც ისინი კანონის დაცვით მოქმედებდნენ.

“ჩვენ კომპანიის დისკვალიფიკაცია მოვახდინეთ და მომდევნო კომპანიამ 10 000 ლარის განსხვავებით მოიგო. დისკვალიფიკაცია რომ არ გაგვეკეთებინა და ასე დაგვეტოვებინა, შემოსავლების სამსახური 1500 ლარით დაგვაჯარიმებდა, რადგან (მონაწილეს) ისეთი უზუსტობები იყო, რომ შემდეგ ტენდერში მონაწილე სხვა კომპანიები გააპროტესტებდნენ”, – ამბობს იურიკ უნანიანი.

იურიკ უნანიანის თქმით, მერიის ყველა სამსახურმა დააწესა ვადები, რომლის დროსაც შეუძლიათ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში აღნიშნული უზუსტობების აღმოფხვრა. 29 იანვარს მათ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი უზუსტობების აღმოფხვრის დანიშნული ვადებთან დაკავშირებით წერილი უკვე გაგზავნეს.