ახალქალაქის მერიამ გამოაცხადა ტენდერი წვევამდელების, სპორტსმენების, ასევე სხვადასხვა ახალგაზრდული კულტურული ღონისძიებებისთვის ახალგაზრდების ტრანსპორტირებაზე, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე, მეზობელ ქვეყნებში. ამისთვის 35 000 ლარია გამოყოფილი.
ტენდერის დოკუმენტაციის თანახმად, ტენდერის მონაწილეს საკუთრებაში, ან იჯარით ჰქონდეს აღებული შემდეგი სატრანსპორტო საშუალებები: 2 მიკროავტობუსი (15 ადგილი და 16+1 ადგილი), ერთი საქალაქთაშორისი ავტობუსი: არანაკლებ 45 ადგილისა, ერთი 4 ადგილიანი მსუბუქი ავტომობილი, 1 6-7 ადგილიანი მსუბუქი ავტომობილი, 1- სატვირთო მანქანა 2,5 ტონამდე გამტარუნარიანობით, 1- სატვირთო ავტომანქანა 8 ტონაზე მეტი გამტარუნარიანობით.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის, ვალერი სტელმაშოვის თქმით, მათ ტენდერი წინასწარ გამოაცხადეს, რადგან შეზღუდვები ნებისმიერ დროს შეიძლება მოიხსნას.
“თანხას მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიხდით, თუკი შესრულებულია სამუშაო იმის მხრიდან, ვინც ტენდერი მოიგო”, – ამბობს ის.
მისი თქმით, თუკი ტრანსპორტირების მომსახურებისათვის გათვალისწინებული სახსრები არ იქნება გამოყენებული, დაზოგილი თანხა მუნიციპალიტეტის სხვა საჭიროებებს მოხმარდება.
ტრანსპორტირების მომსახურების გაწევაზე ტენდერი 2 თებერვალს, 35 000 ლარით გამოცხადდა და ღია იქნება 10 თებერვლამდე, ამ დროის განმავლობაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ განაცხადის შეტანა.