ნინოწმინდა-ოროჯალარის გზაზე, რამდენიმე დღის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ამჟამად მამაკაცი თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება. პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

როგორც კლინიკიდან გვაცნობეს, მამაკაცს სასწრაფოდ გაუკეთეს ნეიროქირურგიული ოპერაცია. ის რისკის ჯგუფის პაციენტების კატეგორიაში რჩება. აქვს ბევრი დაზიანება, მათ შორის გულის ტრავმა.

«პაციენტს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, და ამჟამად მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მას  საკმაოდ ბევრი რთული ტრავმა აქვს, ამიტომ მაღალი რისკის პაციენტად ითვლება»,- ამის შესახებ ტელეკომპანია “მეცხრე არხს” ღუდუშაურის კლინიკიდან აცნობეს.

19 იანვარს, ნინოწმინდა-ოროჯალარის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მატარებელი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, ავტომობილში მყოფი დაშავებული ცოლ-ქმარი მძიმე მდგომარეობაში ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაკაცი მაშინვე თბილისში გადაიყვანეს, ხოლო ქალს ოპერაცია ახალქალაქში გაუკეთეს. 40 წლის ქალი, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ რეანიმობილით თბილისში ტრანსპორტირების დროს დაიღუპა.