ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიაში არ არის ნაგვის ურნები. სოფლიდან ნაგავი სოფლის მოსახლეობას საკუთარი მანქანებით გააქვს. ადგილობრივ ხელისუფლებას აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად სახსრები არ აქვს.

როგორც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბევრ სოფელში, ასევე სოფელ მერენიაშიც მუდამ არსებობდა ნაგვის გატანის პრობლემა. სოფლის მოსახლეობამ არ იცის, სად დაყაროს ნაგავი, რადგან სოფელში ნაგვის ურნები არ არსებობს.

როგორც სოფელში ამბობენ, ნაგავს ყველგან არ ყრიან, ყველა ოჯახი ნაგავს საკუთარ სახლთან აგროვებს, ტომრებში, ან ყუთებში, შემდეგ, საკუთარი მანქანებით გააქვთ. ვისაც მანქანა არ ჰყავს, მეზობლები და ნაცნობები ეხმარებიან. სოფლის მოსახლეობამ აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართა შესაბამის სამსახურებს, თუმცა დღემდე უშედეგოდ.

“ნაგავს ეზოში ვაგროვებთ, შემდეგ მიგვაქვს და ურნებში ვყრით, ხან ქალაქში, ხან ბარალეთში”, – ამბობს სოფლის მცხოვრები მხითარ ჯეირანიანი.

1

როგორც სოფელ მერენიაში ახალქალაქის მერის წარმომადგენელი, სერგეი კახკციანი ამბობს, აღნიშნულ საკითხით მერიას და სერვისცენტრს არაერთხელ მიმართა, თუმცა პრობლემა, როგორ მოგვარდება ჯერჯერობით უცნობია.

“მე სერვისცენტრში მითხრეს, რომ ამჟამად ურნები არ არის, არც მანქანები, რომლებიც ნაგავს გაიტანენ. როგორც კი შესაძლებლობა იქნება, ამ საკითხს მოაგვარებენ”, – ამბობს ის.

ახალქალაქის სერვის-ცენტრის დირექტორის, არმენ ბიჩახჩიანის თქმით, აღნიშნულ პრობლემას ისინი ჯერ კიდევ 2020 წელს განიხილავდნენ. ბევრ სოფელში არის ნაგვის ურნების დამონტაჟების აუცილებლობა. თუმცა, ამჟამად სერვისცენტრს შესაბამისი ტექნიკისა და ურნების არარსებობის გამო, ამის შესაძლებობა არ აქვს.

“ჩვენ ჯერ სახსრები არ გვაქვს, მაგრამ, როგორც კი მუნიციპალიტეტისგან დაფინანსება გვექნება, სოფლებში ნაგვის ურნებს დავდგამთ”, – ამბობს ის.