ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენის მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს სოფელში ნაგვის ურნების არარსებობის გამო. შედეგად ადგილობრივები ნაგავს მოშორებით ტერიტორიაზე, ან მდინარეში ყრიან.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ნაგვის გატანის პრობლემა დიდი ხანია აქტუალურია. სოფლის მოსახლეობამ არ იცის ნაგავი სად დაყაროს, ისინი ნაგავს ტყეში, სოფლის შესასვლელებში, ან პირდაპირ სოფლებში ყრიან, რითაც ხელოვნურ ნაგავსაყრელებს ქმნიან.
სოფელ ბუღაშენის მოსახლეობის თქმით, რადგან სოფელში ნაგვის ურნები არ არსებობს, მოსახლეობა ნაგავს მოშორებით, ან მდინარეში ყრის, ხოლო ზოგიერთი – სადაც მოუხერხდება. მათი თქმით, პრობლემის მოგვარების მოთხოვნით შარშან, ბევრჯერ მიმართეს მერიას, თუმცა საკითხი დღემდე მოუგვარებელია.
როგორც სოფლის მცხოვრები, კარენ აპოზიანი ამბობს, საკუთარ მაღაზიასთან დაგროვებული ნაგავი, რამდენჯერმე გაიტანა, რადგან სუნთქვა შეუძლებელი იყო.
“ჩემს მაღაზიასთან დაგროვებული ნაგავი, რამდენჯერმე გავიტანე”, – ამბობს ის.
სოფელ ბუღაშენის სხვა მცხოვრები, გაბრიელა ეგოიანი ამბობს, რომ ვისაც შესაძლებლობა აქვს, ნაგავი თავად მიაქვს, ვისაც სატრანსპორტო საშუალება არ ჰყავთ – მდინარეში ყრიან.
მისი თქმით, სოფლის სხვადასხვა კუთხეში შესამჩნევია მცირე ნაგავსაყრელები. ის პერიოდულად მიწით იფარება, რათა ნაკლებად შესამჩნევი იყოს.
ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორის, არმენ ბიჩახჩიანის განმარტებით, აღნიშნულ პრობლემას, ჯერ კიდევ, 2020 წელს განიხილავდნენ. მისივე თქმით, პროექტი უკვე მზად არის.
“წლეულს, როგორც კი დაფინანსება იქნება, სოფლებში ნაგვის ურნებს დავდგამთ, მათ შორის ბუღაშენშიც. თუმცა, ზუსტად როდის, ჯერჯერობით უცნობია”, – ამბობს ის.