ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში 2020 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით 1824 აბონენტით შემცირდა იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებიც ბუნებრივი აირის შეღავათებით სარგებლობენ. ამან დაახლოებით 11% შეადგინა.

ჯავახეთის გაზგამანაწილებელი კომპანია SJGC -ის ინფორმაციით, 2020 წლის დეკემბერში ჯავახეთში სუბსიდია 9220 აბონენტს შეეხო, რომელთაგან 5531 აბონენტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან არის, ხოლო 2689 – ნინოწმინდიდან.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში 701-ით შემცირდა იმ აბონენტების რაოდენობა, რომლებიც ბუნებრივ აირზე შეღავათით სარგებლობენ, რაოდენობამ 5531 შეადგინა. ამ აბონენტებმა 276 219 ლარის ღირებულების 573 688 კუბამეტრი ბუნებრივი აირი მოიხმარეს.

შედარებისთვის, ნოემბერში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში შეღავათებით 6232 აბონენტმა ისარგებლა.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დეკემბერში შეღავათებით 2689 აბონენტმა ისარგებლა, რაც 1141-ით ნაკლებია, ვიდრე ნოემბერში. მათ 158 293 ლარის 327 810 კუბამეტრი მოიხმარეს.

შედარებისთვის, ნოემბერში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირის შეღავათებით 3830 ოჯახმა ისარგებლა.

ჯავახეთში მთლიანად (ახალქალაქი და ნინოწმინდა) ბუნებრივ აირს დაახლოებით 17 402 აბონენტი მოიხმარს. პროცენტული თანაფარდობით სუბსიდიები ჯავახეთის აბონენტების 47%-ს შეეხო.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში რთული ეკონომიკური ვითარების გამო, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებს კომუნალური გადასახადების სუბსიდირება კიდევ ოთხი თვით გაუხანგრძლივოს. ბუნებრივი აირის გადასახადის სუბსიდირება შეეხება იმ ადამიანებს (გაზგამანაწილებელი კომპანიების აბონენტებს), რომლებიც 200-კუბამეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ.

ასევე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (GNERC) კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, კომუნალური გადასახადების გადახდის ელექტრონული ქვითრების გამოყენების აუცილებლობაზე გადაწყვეტილება მიიღო.

ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და სასმელი წყლის მომხმარებლებს კომუნალური გადასახადების ელექტრონული ქვითრები შესაბამის მოკლე ტექსტური შეტყობინება, კომპანიაში დარეგისტრირებული მობილური ტელეფონის ნომერზე უნდა მიეღოთ. თუმცა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში აბონენტები ბუნებრივი აირის გადასახადის ქვითრებს ძველებურად – ქაღალდის ქვითრებით მიიღებენ.