ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი 387 900 ლარით შემცირდა და 9 მლნ 645 900 ლარი შეადგინა. ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილობრივი ხელისუფლების – მერიისა და საკრებულოს უზრუნველყოფაზე იხარჯება.
9 მლნ 645 900 ლარიდან ადგილობრივი ხელისუფლების უზრუნველყოფაზე 2 მლნ 880 294 ლარი იხარჯება, მათგან 745 394 ლარი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოზეა მიმართული, რაც გასული წლის ფინანსებზე 1106 ლარით ნაკლებია. ამ თანხიდან 510 800 ლარი გამოყოფილია ხელფასებზე. თუკი შარშან, სახელფასო დანამატი არ იყო, წელს ამისთვის 10 100 ლარია გათვალისწინებული. 2020 წელს 300 ლარი იყო გამოყოფილი მივლინებებზე, თუმცა პანდემიის გამო, მივლინენები შემცირდა, შესაბამისად ხარჯიც 1000 ლარით შემცირდა და 2000 ლარი შეადგინა.
საკრებულოს საოფისე ხარჯებიც 45 300-დან 42 884 ლარამდე შემცირდა. თუკი შარშან, მედიკამენტებზე თანხა არ იყო გამოყოფილი, წელს მედიკამენტების მოხმარებაზე 3000 ლარია გამოყოფილი. 600 ლარით შემცირდა სატრანსპორტო დანახარჯები და 26 000 ლარი შეადგინა. ამ თანხაში საწვავის დანახარჯის (11 000 ლარი) გარდა 15 000 ლარის სერვისის მომსახურებაც შედის (მომსახურება, ბორბლები, ძრავა).
ბიუჯეტში არის პუნქტი, რომელიც აღნიშნულია კონფერენციების და სემინარების ორგანიზების დანახარჯის სახით, შარშან ამისთვის გამოყოფილი იყო 1600 ლარი, წელს – 1800 ლარი. აღვნიშნავთ, რომ შარშან, COVID-19-ის გამო, არავითარი სემინარი და კონფერენცია არ ჩატარებულა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ნაირა ირიციანმა განმარტა, აღნიშნული თანხა სხდომებისა და ბიუროების დროს იხარჯება. ცალკე პუნქტით, ასევე, გამოყოფილია 80 700 ლარი სხვა მომსახურებებზე და მასალებზე, რაც ითვალისწინებს თითოეული დეპუტატისთვის საქმიანობის დანახარჯებისთვის 480 ლარის გამოყოფას.
ახალქალაქის მერია წელს საკუთარი საჭიროებებისათვის 2 მლნ 134 900 ლარს დახარჯავს. გასულ წელს ეს თანხა 2 მლნ 236 888 ლარს შეადგენდა, თანხა 101 988 ლარით შემცირდა. 259 280 ლარით შემცირდა მერიის თანამშრომლების ანაზღაურებები, თუმცა შარშანდელისგან განსხვავებით, წელს ისევე, როგორც საკრებულოს წევრები, მერიის თანამშრომლებიც მიიღებენ 74 100 ლარის დანამატს ხელფასზე. შემცირდა მივლინების თანხა – 10 000-დან 5 000 ლარამდე. მერიის დანახარჯებს შორის გამოყოფილია მუნიციპალიტეტის 5 ტაძრის გათბობა 22 000 ლარით.
ისევე, როგორც საკრებულო, წელს მერია მედიკამენტებზე 4100 ლარს გამოყოფს, გასულ წელს ამისთვის გამოყოფილი იყო 100 ლარი. სატრანსპორტო დანახარჯებზე მერია 94 370 ლარს დახარჯავს, მერიის ბალანსზე 7 ავტომობილია. ამ მანქანების საწვავზე ბიუჯეტის მიერ 41 000 ლარია გამოყოფილი. აღვნიშნავთ, რომ შარშან, ამ მიზნისთვის 29 762 ლარი იყო გამოყოფილი. გარდა ამისა, მერიამ ტრანსპორტის დაქირავებაზე 30 000 ლარი გამოყო.
თანამშრომლების სტაჟირებაზე წელს ახალქალაქის მერია 15 000 ლარს დახარჯავს. კულტურულ ღონისძიებებზე, ყვავილების შეძენაზე, შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზებაზე ბიუჯეტიდან 2000 ლარია გამოყოფილი, იგივე თანხა იყო შარშანაც. 12 950 ლარით გადაწყვეტილია საოფისე ტექნიკის შეძენა, შარშან ამისთვის 15 200 ლარი გამოიყო.