პროგრამა “1+4”-ის ბენეფიციარებისთვის სტაჟირების პროგრამა შეჩერებულია, მიზეზი COVID-19-ის გამო.
სახელმწიფო დაწესებულებებსა და თვითმმართველობის ადგილობრივ ორგანოებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სტაჟირების სპეციალური პროგრამა კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების პრევენციის გამო, შეჩერებულია. ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება და პროგრამა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
“გასული წელი საკმაოდ თავისებური და რთული იყო. ყველამ იცის, პანდემიასთან დაკავშირებით რა პრობლემები გაჩნდა. აღვნიშნავ, რომ სტაჟირების პროგრამა, სამწუხაროდ, წლეულს COVID-19-ის გამო შეჩერდა. დისტანციურ რეჟიმში მუშაობის ვარიანტი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ფორმატში შეუძლებელია იმ მიზნების მიღწევა, რომელსაც ეს პროგრამა ისახავს მიზნად. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია ინტეგრაციის ხელშეწყობა. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტაჟიორები იყვნენ ადგილზე, სახელმწიფო დაწესებულებებში,” – ამბობს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი თინა გოგელიანი.
შეგახსენებთ, რომ პროექტი 2017 წლიდან ხორციელდება ამჟამინდელი სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის ინიციატივით. სტაჟირებაში 2017 წლიდან დღემდე ბენეფიციარების რაოდენობა 300 ადამიანს შეადგენს. ესენი არიან ახალგაზრდა ადამიანები, რომლებმაც დასაქმებისთვის სპეციფიკური უნარები მიიღეს, საკუთარი ცოდნა გააფართოვეს, რაც მომავალში საკუთარი თავის რეალიზებაში დაეხმარებათ. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოქალაქეებს, რომლებიც პროგრამა “1+4”-ით ქართულ უნივერსიტეტებში სწავლობენ, სახელმწიფო დაწესებულებებში, ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სტაჟირების შესაძლებლობა აქვთ.