სომხეთის პრეზიდენტს არმენ სარქისიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„არმენ სარქისიანი ახალ წელს ლონდონში ოჯახთან და შვილიშვილებთან ერთად შეხვდა. 3 იანვარს მას ფეხზე ოპერაცია გაუკეთეს, რომელიც წარმატებით დასრულდა. ამასთან, პრეზიდენტს კორონავირუსის ახალი სახეობის სიმპტომები გამოუვლინდა. მისთვის ჩატარებული ტესტის პასუხი დადებითი იყო. სარქისიანი თვითიზოლაციაში იმყოფება და დროებით საკუთარ საქმიანობას დისტანციურად განაგრძობს“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსამსახურმა.

სომხეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე 160 544 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის პანდემიამ 2 878 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. კორონავირუსისგან გამონაჯანმრთელებულთა რიცხვი 145 759-ს შეადგენს.