25 ნოემბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროსა და საკრებულოს სხდომები გაიმართა, რომლებზეც დეპუტატებმა 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. მსჯელობის შედეგად, დოკუმენტი დასამუშავებლად (შენიშვნებით) მერიას უკან დაუბრუნდა.
გარდა ამისა, დეპუტატებმა მიმდინარე წლის ბიუჯეტში მორიგი ცვლილებები განიხილეს, მოისმინეს საკრებულოს თავმჯდომარის, რუბენ პალიანის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, ასევე 2026 წლის ცხრა თვის პროგრამული ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.
სხდომის დასაწყისში დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა, ასევე კოთელიის ტერიტორიული ოლქის დეპუტატის, ანზორ ქავრელიშვილის ვაჟის ხსოვნას.
სხდომას ესწრებოდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი, მისი ორი მოადგილე, მერიის სამსახურების ხელმძღვანელები, ასევე მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი და მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
დღის წესრიგში სულ ხუთი საკითხი იყო შეტანილი. მათ შორის: ბიუჯეტში მორიგი ცვლილებები, საკრებულოს თავმჯდომარის, რუბენ პალიანის ანგარიში, მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, კარენ მერგელიანის ანგარიში ცხრა თვის ბიუჯეტის ფინანსური შესრულების შესახებ, სოფელ ბარალეთში ინფრასტრუქტურული პროექტის დამტკიცება და 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა.
დეპუტატებმა კარენ მერგელიანის მიერ წარმოდგენილი ცხრა თვის ბიუჯეტის ფინანსური შესრულების ანგარიში დადებითად შეაფასეს.
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტი, 2026 წლის ბიუჯეტთან შედარებით, დაახლოებით 5 მილიონი ლარით გაიზრდება.
როგორც საფინანსო სამსახურის უფროსმა, კარენ მერგელიანმა განაცხადა, წინასწარი მონაცემებით, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 38 412 500 ლარს, ხოლო ხარჯვითი ნაწილი — 36 103 828 ლარს შეადგენს. თავისუფალი ნაშთი 2 308 682 ლარია.
მერგელიანის თქმით, 10 დეკემბრამდე მერიას შეუძლია საკრებულოში ბიუჯეტის პროექტის განახლებული ვარიანტი წარადგინოს, რომელშიც დარჩენილი თანხა კონკრეტულ სამუშაოებსა და ღონისძიებებზე გადანაწილდება.
2027 წლის ბიუჯეტის პროექტით ასევე გათვალისწინებულია მერიის, საკრებულოსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომელთა ხელფასების 8,4%-ით გაზრდა.
სარეზერვო ფონდი 300 000 ლარის ოდენობითაა გათვალისწინებული. სპორტის, კულტურისა და განათლების სფეროებისთვის კი, პროექტის მიხედვით, 482 500 ლარია გამოყოფილი.
ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაახლოებით 20 მილიონი ლარის მიმართვა იგეგმება. ამასთან, აღნიშნულ თანხაში ჯერჯერობით არ შედის რეგიონული ფონდიდან, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამოსაყოფი სახსრები.
ბიუჯეტის პროექტის წარდგენის შემდეგ დეპუტატებს რიგი შეკითხვები გაუჩნდათ, რომლებსაც მერმა, მელქონ მაკარიანმა უპასუხა.
კერძოდ, მან ისაუბრა ახალქალაქში თანამედროვე მრავალფუნქციური სპორტულ-კულტურული კომპლექსის მშენებლობის გეგმებზე. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი რეგიონში საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის ვიზიტის დროს განიხილეს.

„ჩვენთან მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება. სამუშაოებს, სავარაუდოდ, თებერვალში დავიწყებთ, ადგილი უკვე შერჩეულია. პროექტის წინასწარი ღირებულება დაახლოებით 50 მილიონ ლარს შეადგენს. ეს იქნება თანამედროვე მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი. ასევე გვექნება რაგბის თანამედროვე სტადიონი, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 5 მილიონი ლარია“, — განაცხადა მელქონ მაკარიანმა.
მერი ასევე საბავშვო ბაღების მშენებლობის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, მომავალი წლის შუა რიცხვებამდე №1 და №2 საბავშვო ბაღების მშენებლობის დასრულება იგეგმება. მესამე საბავშვო ბაღის მშენებლობის საკითხზე კი განხილვები გრძელდება.
დეპუტატების სხვა შეკითხვები უსახლკარო ძაღლების პრობლემას, სოფელ ბუღაშენის წყალმომარაგებასა და სხვა სოფლებში დაგეგმილ სამუშაოებს ეხებოდა.
სხდომის მიმდინარეობისას სპორტული კომპლექსის ხელმძღვანელმა, ატომ ელიზბარიანმა ადგილობრივ ხელისუფლებას თხოვნით მიმართა, შესაძლებლობის ფარგლებში, ფინანსური მხარდაჭერა გაუწიონ ახალქალაქში საქართველოს ჩემპიონატებისა და საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარებას. მან აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი თავისი სპორტული მიღწევებითაა ცნობილი და არაერთი სპორტსმენი ჰყავს, რომლებმაც მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს. მისი თქმით, აღნიშნული შეჯიბრებები ხელს შეუწყობს სპორტის პოპულარიზაციასა და სპორტსმენების ცნობადობის გაზრდას.
მსჯელობის შედეგად, დეპუტატებმა მიიღეს გადაწყვეტილება, 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი დასამუშავებლად (შენიშვნებით) მერიას უკან დაუბრუნონ.