10 თვის განმავლობაში სოციალური დახმარება დაახლოებით 192 ათას ადამიანს შეუწყდა

10 თვის განმავლობაში სოციალური დახმარება დაახლოებით 192 ათას ადამიანს შეუწყდა

საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა კვლავ შემცირდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, მხოლოდ ერთ თვეში, ოქტომბერში, სოციალური დახმარება 28 625 ადამიანს შეუწყდა, ხოლო მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში მონაცემთა ბაზიდან სულ 191 736 ადამიანი ამოირიცხა.

უფრო კონკრეტულად, 2026 წლის იანვარში სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას 710 226 სოციალურად დაუცველი მოქალაქე იღებდა, ოქტომბერში კი ეს რიცხვი 518 490 ადამიანამდე შემცირდა. მონაცემებს „Business Press News“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების შემოწმება და კრიტერიუმების ცვლილება მიმდინარე წლის დასაწყისში გამოაცხადა. როგორც მაშინ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, ამის მიზეზი ის არის, რომ მონაცემთა ბაზაში დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც ნამდვილად ეკუთვნის სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარება.

მოგვიანებით მთავრობამ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის წესები შეცვალა. მთავრობის ახალი დადგენილების თანახმად, სისტემაში გაჩნდა მკაცრი ფინანსური ზღვარი, რომელიც მაღალი შემოსავლის მქონე პირებს დახმარების მიღების შესაძლებლობას ავტომატურად ართმევს.

თეგები: ფინანსები
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე