ახალქალაქში 2026 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამა შესაძლოა წლის ბოლომდე ვერ დასრულდეს

ახალქალაქში 2026 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამა შესაძლოა წლის ბოლომდე ვერ დასრულდეს

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2026“-ის განხორციელება, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე ვერ დასრულდება. მუნიციპალიტეტის 64 სოფლიდან სამუშაოები მხოლოდ 26-შია დასრულებული. დანარჩენ დასახლებულ პუნქტებში სამუშაოები კვლავ გრძელდება და, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე მათი დასრულება ვერ მოხერხდება.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები დასრულებულია შემდეგ სოფლებში: გოდოლარი, ალასტანი, ვარევანი, ორჯა, ბარალეთი, მერენია, მურჯახეთი, ჩამდურა, ზაკი, გომანი, თრკნა, კარტიკამი, ხულგუმო, კარწახი, კოჭიო, მოდეგამი, ალათუმანი, ბეჟანო, კუმურდო, აზმანა, ტურცხი, ხოსპიო, მარტუნი და ხორენია.

სოფელ კულიკამში სამუშაოები ჯერ საერთოდ არ დაწყებულა.

სოფლებში — ლომატურცხი, იხტილა, ბუღაშენი, აბული, ხავეთი და ხანდო — დაგეგმილი სამუშაოების მხოლოდ 5%-მდეა შესრულებული.

დასრულებასთან ყველაზე ახლოსაა სამუშაოები სოფელ მაჯადიაში, სადაც შესრულებული სამუშაოების მოცულობა 98%-ს შეადგენს. სოფლებში — კოკიო, აზავრეთი და ოკამი — სამუშაოები 80%-ითაა შესრულებული. სოფელ კორხსა და პატარა სამსარში შესრულებულია სამუშაოების 50-50%. დანარჩენ სოფლებში შესრულების დონე 50%-ზე ნაკლებია.

მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები 26 სოფელშია დასრულებული, მიღება-ჩაბარების აქტები მხოლოდ შვიდ პროექტზეა გაფორმებული. ეს ძირითადად გარე განათების მოწყობის პროექტებია.

მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის, არა მოვსესიანის თქმით, ჯერჯერობით შეუძლებელია იმის დადგენა, კონკრეტულად რომელი სამუშაოები გადატანილი იქნება მომავალ წელზე. სამუშაოები გრძელდება და მათ მანამ შეასრულებენ, სანამ ამის საშუალებას ამინდის პირობები იძლევა.

აღვნიშნავთ, რომ წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში პროგრამა „სოფლის მხარდაჭერის“ განხორციელება დაგვიანებით დაიწყო. გარდა ამისა, დაგეგმილი სამუშაოების დასასრულებლად სოფლებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამ ეტაპად გამოეყო დამატებითი დაფინანსება. დამატებითი დაფინანსების მოცულობა სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული თანხის 200%-ს აღწევს.

პირველ ეტაპზე საკრებულოს დეპუტატებმა დამატებითი დაფინანსება 27 სოფლისთვის დაამტკიცეს, საერთო თანხით 830 478 ლარი. მეორე ეტაპზე ანალოგიური მხარდაჭერა კიდევ 19 სოფლისთვის დაამტკიცეს 478 590 ლარის ოდენობით. დაფინანსების ბოლო პაკეტი 27 აგვისტოს დაამტკიცეს — 17 სოფლისთვის, საერთო თანხით 498 570.7 ლარი.

ასევე აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერების გამოცხადების დაგვიანების გამო. მათი აზრით, ტენდერების გვიან გამოცხადება გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც რიგ სოფლებში სამუშაოების დადგენილ ვადებში დასრულება ვერ მოხერხდა.

თეგები: სოფელი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე