დღეს, 2 ნოემბერს, ორწლიანი ლოდინის შემდეგ ახალქალაქში საბავშვო ბაღი საბოლოოდ გაიხსნა. დაწესებულებამ სკოლამდელების მიღება საზეიმო ცერემონიის გარეშე დაიწყო.
თავდაპირველად ახალ საბავშვო ბაღში 155 ბავშვის განთავსება იგეგმებოდა, თუმცა რეალურად მისი აღსაზრდელები 185 ბავშვი გახდნენ. ამის შესახებ Jnews-ს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა ანაიდა ასატურიანმა განუცხადა.
საბავშვო ბაღში ხუთი ჯგუფი მოქმედებს: ერთი ქართული და ოთხი სომხური. დამატებითი ჯგუფი საძინებელი ოთახის გადაკეთების ხარჯზე გაიხსნა. ახლა საბავშვო ბაღში ერთი საერთო საძინებელი დარჩა, სადაც ყველა ჯგუფის ბავშვებს შეუძლიათ დღის განმავლობაში დასვენება, თუ დაღლილობას იგრძნობენ.
საბავშვო ბაღის ეზოს ტერიტორიაც მოწესრიგდა. ბავშვებისთვის დაამონტაჟეს საქანელები და სასრიალოები. დაწესებულებაში არსებული მთელი ქონება და აღჭურვილობა ახალია.
მშობლების სიხარულიც არანაკლები იყო. ბევრი ოჯახისთვის ახალი საბავშვო ბაღის გამოჩენა ნანატრი და ნამდვილად სასიხარულო მოვლენა გახდა.
აღსანიშნავია, რომ ახალ საბავშვო ბაღს მე-16 ნომერი მიენიჭა. შენობა ექსპლუატაციაში 2025 წელს შევიდა, თუმცა ავეჯისა და აღჭურვილობის არქონის გამო დაწესებულებამ მუშაობა მხოლოდ ახლა დაიწყო.
საბავშვო ბაღის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) სახსრებით განხორციელდა. სამუშაოებს კომპანია „IKB Build“ ასრულებდა, რომლის ღირებულებამაც 1 მილიონ 657 ათასი ლარი შეადგინა. ავეჯი და საჭირო ინვენტარი ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სახელმწიფო შესყიდვის გზით უზრუნველყო.
ახალი შენობა ერთსართულიანი ტიპური ნაგებობაა, რომლის საერთო ფართობი 960 კვადრატულ მეტრს აჭარბებს. თავდაპირველად საბავშვო ბაღი 75 ბავშვზე იყო გათვლილი, თუმცა იმის გამო, რომ ქალაქ ახალქალაქში უკვე 3 წელია, მოქმედი საბავშვო ბაღები არ არის, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მიეღოთ ბავშვები ქალაქის ყველა საბავშვო ბაღიდან.





