საქართველოში რეპროდუქციული ასაკის ქალების რაოდენობა არსებითად შემცირდა, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ინტერვიუში სტატისტიკოსმა გიორგი მელაძემ განაცხადა.
სტატისტიკოს/დემოგრაფის თქმით, რეპროდუქციული ასაკის ქალების რაოდენობის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ემიგრაციაა, რის შედეგადაც ქვეყანაში ქვეყნის შიგნით მყოფი რეპროდუქციული ასაკის ქალების რაოდენობაც მკვეთრად შემცირდა.
„დაძაბული პოლიტიკური ვითარება და ფინანსურ-ეკონომიკური არასტაბილურობა შობადობის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია როგორც ევროპაში, ისე საქართველოში. სწორედ ამიტომ ახალგაზრდები მომავლის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილნი. გარდა ამისა, დღევანდელი ახალგაზრდები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან შვილების გაჩენის საკითხს“, — აღნიშნა გიორგი მელაძემ.
მსოფლიოში ამ საკითხის ირგვლივ არსებული პრობლემები სულ უფრო თვალსაჩინო ხდება საქართველოშიც, ვინაიდან ქვეყანაში რეპროდუქციული ასაკის ქალების რიცხვი არსებითად შემცირდა. თუ 1994 წელს საქართველოში რეპროდუქციული ასაკის 1 მილიონ 234 ათასი ქალი ითვლებოდა, დღეს ეს მაჩვენებელი 889 ათასს შეადგენს. ამრიგად, ქალების რაოდენობა დაახლოებით 345 ათასით შემცირდა.
„წარმოიდგინეთ, 15-49 წლის ქალების რიცხვი 340 ათასზე მეტით შემცირდა. შობადობის საერთო კლების ტენდენცია ქვეყანაში უკვე იჩენს თავს, მაგრამ ამას ემიგრაციის შედეგებიც ემატება. ბევრი ახალგაზრდა, მათ შორის ქალები, საზღვარგარეთ მიდის. შედეგად, დღეს ქვეყანაში საგრძნობლად შემცირდა იმ ქალების რაოდენობაც, რომლებსაც შვილის გაჩენა შეუძლიათ“.
გარდა ამისა, ალბათ შეამჩნევდით, რომ საქართველოში გაიზარდა უშვილო ოჯახების რაოდენობა. არის შემთხვევები, როდესაც წყვილი სრულიად ჯანმრთელია, მაგრამ წლების განმავლობაში არ ჰყავს შვილი. სამეცნიერო კვლევების თანახმად, ამის ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი შეიძლება იყოს საკვებისა და წყლის მეშვეობით ორგანიზმში მოხვედრილი ქიმიური ნივთიერებები: პესტიციდები, ჰერბიციდები, მძიმე ლითონები, ტოქსიკური გაზები და სხვადასხვა სინთეზური ნაერთი. მკვლევართა აზრით, ამ ნივთიერებებს შეუძლია დაარღვიოს ჰორმონების ნორმალური გამომუშავება და უარყოფითი გავლენა იქონიოს რეპროდუქციულ ფუნქციაზე.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პლასტმასის ბოთლებსაც, რომელთა შესაძლო მავნე ზემოქმედებაზეც სამეცნიერო წრეებში უკვე სერიოზულად მსჯელობენ. მათ შეუძლიათ უარყოფითად იმოქმედონ ტესტოსტერონის გამომუშავებასა და სპერმის ხარისხზე. შესაბამისად, სასურველია შევზღუდოთ პლასტმასის გამოყენება და უპირატესობა მინის ჭურჭელს მივანიჭოთ. ეს კიდევ ერთი ფაქტორია, რომელმაც, ზოგიერთი კვლევის თანახმად, შესაძლოა ხელი შეუწყოს შობადობის შემცირებას როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში“, — განაცხადა გიორგი მელაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.
ცნობისთვის: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატის“) უკანასკნელი მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანაში ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობამ 17 509 შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნაკლებია. „საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 17 719 ბავშვი დაიბადა.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი ბავშვი თბილისში დაიბადა, რაც ასევე დედაქალაქის მოსახლეობის რაოდენობით აიხსნება. დაბადების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა.
ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 22 224 ადამიანი გარდაიცვალა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გარდაცვლილთა რაოდენობა 22 718-ს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში მოსახლეობის ბუნებრივი კლება დაფიქსირდა — ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას შორის სხვაობამ (უარყოფითმა ბუნებრივმა მატებამ) 4 715 ადამიანი შეადგინა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისში — 424 ადამიანი, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში — 330 ადამიანი.