Visual Capitalist-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი მონაცემების თანახმად, აშშ-ის საქმიანი და ტურისტული ვიზის (B1/B2) მისაღებად საჭირო გასაუბრების ჩანიშვნას, აპლიკანტის მდებარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა, რამდენიმე დღიდან თითქმის ორ წლამდე დასჭირდეს. კვლევა ეფუძნება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2026 წლის 17 სექტემბრის ოფიციალურ სტატისტიკას.
სად არის ვიზის გასაუბრების მოლოდინი ყველაზე ხანგრძლივი?
რეიტინგის ლიდერები სიდნეი და ტორონტო არიან, შესაბამისად, 21 და 20-თვიანი ლოდინის პერიოდით. მესამე ადგილს ლიბერიის დედაქალაქი მონროვია და კანადური ვანკუვერი ინაწილებენ – ორივეგან მოლოდინი 18 თვეს შეადგენს.
ქალაქები, სადაც აპლიკანტებს 6 თვიანი ან უფრო გრძელი რიგები ხვდებათ:
სიდნეი (ავსტრალია) – 21 თვე;
ტორონტო (კანადა) – 20 თვე;
მონროვია (ლიბერია) – 18 თვე;
ვანკუვერი (კანადა) – 18 თვე;
ჰალიფაქსი (კანადა) – 15 თვე;
ოტავა (🇨🇦 კანადა) – 15 თვე;
კვებეკი (კანადა) – 15 თვე;
კალგარი (კანადა) – 14 თვე;
აბუ-დაბი (არაბეთის გაერთიანებული საამიროები) – 12.5 თვე;
ალჟირი (ალჟირი) – 12.5 თვე.
კანადისა და ინდოეთის ფაქტორი
როგორც პუბლიკაციაშია საუბარი, კანადის მაღალი მაჩვენებელი განსაკუთრებით აღსანიშნავია. Visual Capitalist- ი წერს, რომ ვინაიდან კანადის მოქალაქეების უმრავლესობას აშშ-ში შესასვლელად ვიზა არ სჭირდება, კანადაში მდებარე აშშ-ის საკონსულოებს ძირითადად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიმართავენ. დამატებით მოთხოვნას უმეტეს შემთხვევაში ქვეყანაში მცხოვრები მრავალრიცხოვანი უცხოელი სტუდენტები და შრომითი მიგრანტები ქმნიან.
რატომ იზრდება რიგები?
საკონსულოებს განცხადებების დამუშავება კადრების დეფიციტისა და მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნის ფონზე გაუჭირდათ. აშშ-ის მთავრობის ანგარიშვალდებულების ოფისის (GAO) მონაცემებით, არასაიმიგრაციო ვიზებზე მომუშავე ოფიცრების რაოდენობა 2024 წლის 1 342-დან 2025 წელს 904-მდე, თითქმის მესამედით შემცირდა. ამას დაემატა პანდემიის პერიოდში დაგროვილი „ბექლოგიც“.
მაგალითად, GAO-ს მონაცემებით, ინდოეთში თითოეულ საკონსულო ოფიცერზე 2025 წელს დაახლოებით 21 400 განაცხადი მოდიოდა, მაშინ როდესაც ჩინეთში ეს მაჩვენებელი 10 100 იყო.
სად არის გასაუბრება ხელმისაწვდომი 4–6 კვირაში?
ქვემოთ მოცემულია საკონსულოები, სადაც Visual Capitalist-ის მიხედვით, ვიზის გასაუბრება დაახლოებით 1-იდან 1.5 თვემდე ვადაშია ხელმისაწვდომი:
ოკლენდი (ახალი ზელანდია) – 1.5 თვე;
ბანგკოკი (ტაილანდი) – 1.5 თვე;
ბელგრადი ( სერბეთი) – 1.5 თვე;
ბრიუსელი ( ბელგია) – 1.5 თვე;
კეიპტაუნი ( სამხრეთ აფრიკა) – 1.5 თვე;
დაჰრანი (საუდის არაბეთი) – 1.5 თვე;
ერმოსილო (მექსიკა) – 1.5 თვე;
ჯაკარტა (ინდონეზია) – 1.5 თვე;
ნაჰა (იაპონია) – 1.5 თვე;
ოსაკა / კობე (იაპონია) – 1.5 თვე.
სად არის ვიზის გასაუბრება ხელმისაწვდომი 15 დღის განმავლობაში?
რიგი ლოკაციები გასაუბრებას თითქმის დაუყოვნებლივ, დაახლოებით 15 დღის ფარგლებში (ნახევარ თვეში ან უფრო ნაკლებში) სთავაზობენ. რეიტინგის მიხედვით, ასეთი ქალაქებია:
რიადი (საუდის არაბეთი) – 0.5 თვე;
აშხაბადი (თურქმენეთი) – < 0.5 თვე;
ასუნსიონი (პარაგვაი) - < 0.5 თვე;
ათენი (საბერძნეთი) - < 0.5 თვე;
ბაქო (აზერბაიჯანი) - < 0.5 თვე;
ბანდარ-სერი-ბეგავანი (ბრუნეი) - < 0.5 თვე;
ბელმოპანი (ბელიზი) - < 0.5 თვე;
ბიშკეკი (ყირგიზეთი) - < 0.5 თვე;
ბრატისლავა (სლოვაკეთი) - < 0.5 თვე;
ბრიჯტაუნი (🇧🇧 ბარბადოსი) - < 0.5 თვე.
ქვეყნის შიდა კონტრასტები და შეზღუდვები
ავსტრალია შესანიშნავად აჩვენებს, თუ რამდენად განსხვავებულია მდგომარეობა ერთი ქვეყნის შიგნით არსებულ სხვადასხვა ქალაქში. მაშინ როცა სიდნეიში 21-თვიანი ლოდინია, მელბურნში ეს მაჩვენებელი 7.5 თვეს შეადგენს, ხოლო პერთში - ორ კვირაზე ნაკლებს. მსგავსი მოკლე რიგები ფიქსირდება აზიის ისეთ დიდ ქალაქებშიც, როგორიცაა მანილა, სეული, ჰანოი და სინგაპური.
მიუხედავად ამისა, აპლიკანტები ყოველთვის ვერ ახერხებენ რიგების თავიდან აცილებას საზღვარგარეთ ჯავშნით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციით, მოქალაქეებმა გასაუბრება ძირითადად საკუთარი მოქალაქეობის ან კანონიერი რეზიდენტობის ქვეყანაში უნდა გაიარონ.