ისტორიული მატარებელი, რომელმაც ბაკურიანის საკურორტო განვითარებას საფუძველი შეუქმნა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბორჯომის ხეობას უბრუნდება. მისი ისტორია რუსეთის იმპერიის ეპოქიდან იწყება და გუსტავ ეიფელის საინჟინრო მემკვიდრეობასაც უკავშირდება.
ბორჯომი-ბაკურიანის ისტორიული ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა, რომელსაც ქართველები “რუსიფიკაციის” გავლენით დღემდე „კუკუშკას“ უწოდებენ, 2026 წლის დეკემბრიდან მოძრაობას განაახლებს.
საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის თქმით., სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. განახლებული მატარებლისთვის შერჩეული ვაგონების დიზაინი ბაკურიანის ბუნებრივ გარემოსა და ისტორიულ ხასიათს უნდა შეესაბამებოდეს.
„გვინდოდა, ეს ყოფილიყო არა მხოლოდ განახლებული მატარებელი, არამედ ის ატმოსფერო და განწყობა, რომელიც ამ უნიკალურ მარშრუტს ათწლეულების განმავლობაში ახლდა“, — განაცხადა ქვრივიშვილმა.
დაგეგმილი დაბრუნება განსაკუთრებული მოვლენაა არა მხოლოდ საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტისთვის, არამედ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმისთვისაც. 1902 წელს გახსნილი 37,2-კილომეტრიანი ხაზი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული საინჟინრო ნაგებობაა. მან ერთმანეთთან დააკავშირა ბორჯომის ხეობა და ბაკურიანის მაღალმთიანი კურორტი, რომლის განვითარებაშიც რკინიგზამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
ბორჯომი-ბაკურიანის რკინიგზის ისტორია იმ პერიოდს უკავშირდება, როდესაც ბორჯომის ხეობა რუსეთის იმპერიის არისტოკრატიისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ დასასვენებელ ადგილად ყალიბდებოდა. ამ პერიოდში საქართველო რუსეთის იმპერიის მმართველობას ემორჩილებოდა.
XIX საუკუნის მეორე ნახევარში ბორჯომის მინერალური წყლის პოპულარობამ და ხეობის საკურორტო პოტენციალმა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება დააჩქარა. 1871 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ ბორჯომის ხეობა თავის ძმას, დიდ მთავარ მიხეილ რომანოვს გადასცა. რომანოვების მმართველობის პერიოდში ხეობაში განვითარდა საკურორტო მეურნეობა, აშენდა დასასვენებელი ნაგებობები და გაფართოვდა სატრანსპორტო კავშირები.
1894 წელს ექსპლუატაციაში შევიდა ხაშური-ბორჯომის სარკინიგზო მონაკვეთი. ამის შემდეგ დღის წესრიგში დადგა ბორჯომის მაღალმთიან დასახლებებთან, განსაკუთრებით ბაკურიანთან, დაკავშირების საკითხი.
ბორჯომი-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო. სამუშაოებს ართულებდა მთიანი რელიეფი, მკვეთრი აღმართები, ხეობები და რთული კლიმატური პირობები. ჩვეულებრივი სიგანის რკინიგზის ნაცვლად ვიწროლიანდაგიანი ხაზის გაყვანა ასეთ გარემოში უფრო პრაქტიკული საინჟინრო გადაწყვეტა იყო.
1902 წლის იანვარში ბორჯომიდან ბაკურიანისკენ პირველმა მატარებელმა გაიარა.
მატარებელი თანდათან იქცა ბაკურიანის ყოველდღიური ცხოვრებისა და საკურორტო იდენტობის ნაწილად. იგი მხოლოდ მგზავრების გადასაყვანად არ გამოიყენებოდა — რკინიგზა მთიანი დასახლებებისთვის გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო არტერია იყო.
რატომ უწოდეს მატარებელს „კუკუშკა“?
სახელწოდება „კუკუშკა“ რუსული სიტყვიდან მომდინარეობს, რომელიც გუგულს ნიშნავს. ამ სახელით პატარა ორთქლმავლებს მოიხსენიებდნენ, რომელთა ხმასაც გუგულის ხმას ამსგავსებდნენ.
ბორჯომი-ბაკურიანის ხაზისთვის თავდაპირველად სპეციალურად ჩამოიყვანეს ორთქლმავალი. ისტორიულ წყაროებში იგი „პორტერის“ ტიპის ლოკომოტივად არის მოხსენიებული. ადრეულ პერიოდში მას ღია ტიპის ვაგონებიც ებმოდა.
მატარებლის ზომა, მთებში ნელი გადაადგილება და დამახასიათებელი ხმა მისი განსაკუთრებული იერსახის ნაწილი გახდა. მეტსახელი იმდენად დამკვიდრდა, რომ შემდგომში, ორთქლმავლის ელექტროლოკომოტივით ჩანაცვლების შემდეგაც, რკინიგზას „კუკუშკას“ უწოდებდნენ.
1967 წელს ბორჯომი-ბაკურიანის ხაზი ელექტროფიცირდა. ორთქლის წევის ნაცვლად ელექტრული წევა დაინერგა, თუმცა მატარებელმა ისტორიული სახელი შეინარჩუნა.
ეიფელის ხიდი — ფრანგული ინჟინერიის კვალი ბორჯომის ხეობაში
ბორჯომი-ბაკურიანის რკინიგზის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ნაგებობა წაღვერსა და ცემს შორის მდებარე ლითონის ხიდია, რომელიც ცნობილი ფრანგი ინჟინრის, გუსტავ ეიფელის სახელს უკავშირდება.
ეიფელი მსოფლიოსთვის, პარიზის ეიფელის კოშკის შემქმნელია, თუმცა მისი საინჟინრო საქმიანობა მრავალ ქვეყანაში აგებულ ხიდებსა და ლითონის კონსტრუქციებსაც მოიცავდა.
საქართველოს რკინიგზისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორიული ცნობების მიხედვით, ხიდი მიხეილ რომანოვის დაკვეთით ეიფელს დაუკავშირდა. ლითონის კონსტრუქცია საქართველოში 1902 წელს ჩამოიტანეს და ბესარიონ ქებურიას ხელმძღვანელობით დაამონტაჟეს.