ასე თუ გაგრძელდა, 5 წელიწადში საქართველოში თხილი ალბათ, საერთოდ აღარ იქნება“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ყოფილმა თავმჯდომარემ და ფერმერმა გიორგი თოდუამ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე თხილის მწარმოებლებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა ნარგავების ხმობაა.
როგორც გიორგი თოდუა განმარტავს, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ამ კუთხით საგანგაშო ვითარებაა.
ბაღების ხმობის პრობლემა ძალიან მნიშვნელოვანია. ჯერჯერობით, {მყავს სანაცნობო წრე წინა სამსახურიდან, ვეკითხები სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჯგუფის წარმომადგენლებსა თუ სხვა სპეციალისტებს} კონკრეტული პასუხი, თუ რა იწვევს ხმობას, სამწუხაროდ, არავის აქვს.
ძირითადად ხმება უცხოური ჯიშები, თუმცა, ეს პრობლემა ადგილობრივ ჯიშებზეც გვაქვს. გურიაში ძალიან საგანგაშო მდგომარეობაა. თუ რა იწვევს ამას ან რა არის გასაკეთებელი, დაზუსტებით არ ვიცით. არსებობს გარკვეული ვერსიები, რომ რომელიღაც წამლობამ შეიძლება უშველოს, მაგრამ რეალური და ზუსტი პასუხი, სამწუხაროდ, არავის აქვს. ამაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა აქტიურად უნდა იმუშაონ.
ეს პრობლემა ბოლო წლებში გააქტიურდა. დაახლოებით, 3-4 წლის წინ დაიწყო, ბოლო ერთი წელი კი უკვე ძალიან მწვავე გახდა. საკმაოდ ბევრი ბაღია გამხმარი.
ჩემთანაც არის ეს პრობლემა. ჩემს ბაღში, მაგალითად, 100 ძირი უკვე ამოვიღე. ახალგაზრდა ბაღია, დაახლოებით 4 წლის, მაგრამ იმის გამო ამოვძირკვე, რომ დაავადება სხვა მცენარეებზე არ გადავიდეს. ეს ერთ-ერთი რეკომენდაციაა.
როგორც გითხარით, გურიაში უფრო საგანგაშო ვითარებაა, თუმცა, დიდი პრობლემებია სამეგრელოშიც, განსაკუთრებით ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ზუგდიდის ტერიტორიებზე.
ბუნებრივია, კომპეტენტური ადამიანების დახმარება გვჭირდება. როგორც ვიცი, ექსპერტებიც ჩამოიყვანეს იტალიიდან და თურქეთიდან, თუმცა, მიუხედავად ამისა, ზუსტი პასუხები ამ ეტაპზე მაინც არ გვაქვს.
მეტი მუშაობაა საჭირო ამ მიმართულებით. რაღაცაში ხომ არის საქმე? რაღაც კონკრეტული ხომ იწვევს ამ პრობლემას?! ან წამლობაა საჭირო, ან სასუქი, ან სხვა რამე. ხომ უნდა ვიცოდეთ, რატომ ხმება?
ასე თუ გაგრძელდა, 5 წელიწადში საქართველოში თხილი, ალბათ, საერთოდ აღარ იქნება,“ – განაცხადა გიორგი თოდუამ „ბიზნესპრესნიუსთან“.