ჯავახეთელი ექიმი ჯანმოს გენერალური დირექტორის კანდიდატად წარადგინეს

ჯავახეთელი ექიმი ჯანმოს გენერალური დირექტორის კანდიდატად წარადგინეს

ბავშვთა ონკოლოგი გევორგ თამამიანი, რომელიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთიდან არის წარმოშობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის პოსტზე წარადგინეს.

გევორგ თამამიანი აზავრეთის საშუალო სკოლის ყოფილი დირექტორის, გევორგ თამამიანისა და მასწავლებელ შუშანიკ გრიგორიანის შვილიშვილია. ექიმის მამა, ნაირი გევორგის ძე თამამიანი, სოფელ აზავრეთში დაიბადა და გაიზარდა, თუმცა გასული საუკუნის 60-იან წლებში ისინი ერევანში გადავიდნენ. თვითონ გევორგ თამამიანი 1987 წელს ერევანში დაიბადა. სამედიცინო განათლება ჯერ ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიიღო, ხოლო შემდეგ სწავლა მსოფლიოს 6 სხვადასხვა ქვეყანაში გააგრძელა.

თამამიანის კანდიდატურა ჯანმოს გენერალური დირექტორის პოსტზე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ბოტსვანამ წარადგინა. ჯანმოს ოფიციალურ ვებგვერდზე იგი ამჟამად წარდგენილია როგორც ბოტსვანის მიერ შეთავაზებული კანდიდატი.

თავისი წარდგენის შესახებ თამამიანმა სოციალურ ქსელში განაცხადა და ბოტსვანის პრეზიდენტ დუმა გიდეონ ბოკოსა და ქვეყნის მთავრობას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩემთვის დიდი პატივია, წარდგენილი ვიყო ასეთი ძლიერი მედეგობისა და პროგრესის ისტორიის მქონე ქვეყნის მიერ“, — აღნიშნა მან.

თამამიანის კანდიდატურის ერთ-ერთი საკვანძო თემა ჯანდაცვის შესაძლებლობებში არსებული უთანასწორობაა. ბავშვთა ონკოლოგიის სფეროში მუშაობის წლებმა მას დაანახა, თუ როგორ შეიძლება ერთსა და იმავე დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის შესაძლებლობები არსებითად განსხვავდებოდეს იმის მიხედვით, თუ სად დაიბადნენ ისინი.

„მე მინახავს ბავშვები, რომლებიც გადარჩნენ მაშინ, როდესაც ცოტას თუ სჯეროდა მათი გადარჩენის. და მინახავს ბავშვები, რომლებიც გარდაიცვალნენ უბრალოდ იმის გამო, თუ სად დაიბადნენ“, — დაწერა თამამიანმა.

ამ გამოცდილებიდან ჩამოყალიბდა მისი კანდიდატურის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი: „გეოგრაფია არ უნდა განსაზღვრავდეს იმას, თუ ვინ იცოცხლებს“.

თამამიანის ხედვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ჯანმო-სადმი ნდობის განმტკიცებაა. დეზინფორმაციის გავრცელებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი ნდობის შემცირების პირობებში, იგი საუბრობს იმის აუცილებლობაზე, რომ ჯანმოს მუშაობა იყოს უფრო სწრაფი, ეფექტური და წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობა — ქმედითი.

„ჩემი ხედვა ნათელია: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს შედეგებს — უფრო სწრაფად, ეფექტურად და წევრ სახელმწიფოებთან რეალური პარტნიორობით, რათა ჯანდაცვის სფეროში პროგრესმა მიაღწიოს თითოეულ ადამიანამდე — ყველგან“, — განაცხადა თამამიანმა.

უახლოეს თვეებში იგი გეგმავს შეხვედრებსა და დიალოგებს ჯანმოს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, რათა მოისმინოს მათთვის პრიორიტეტული საკითხები და წარადგინოს თავისი ხედვა ორგანიზაციის მომავლის შესახებ.

ჯანმოს გენერალური დირექტორის არჩევნები ხანგრძლივი, 2-წლიანი პროცესია. კანდიდატთა წარდგენის პროცესი 24 სექტემბერს დასრულდა. ახალი გენერალური დირექტორის არჩევა და დამტკიცება 2027 წლის მაისში, ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის მე-80 სესიაზე გაიმართება.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე