ახალქალაქი-კარწახის გზის ფონზე, ტრანზიტიდან შემოსავალი მაინც იზრდება

ახალქალაქი-კარწახის გზის ფონზე, ტრანზიტიდან შემოსავალი მაინც იზრდება

2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს დერეფანში ტრეილერების რაოდენობა წლიურად 14 545 ერთეულით გაიზარდა, ხოლო ბიუჯეტში გადახდილი თანხა — 5,090 მლნ ლარით. საერთაშორისო გადაზიდვებით მაღალდატვირთული ახალქალაქი-კარწახის გზა კვლავ გაუვალ მდგომარეობაში რჩება.

კერძოდ, კონსოლიდირებული ბიუჯეტის შემოსავლების მიხედვით (კონსოლიდაციის გარეშე), თუ 2026 წლის იანვარ-აგვისტოში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან ხაზინაში 115 695 747 ლარი შევიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს თანხა 110 605 237 ლარს შეადგენდა.

თანხის ზრდის შესაბამისად გაიზარდა გატარებული ტრეილერების რაოდენობაც. კერძოდ, მიმდინარე ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით ირკვევა, რომ წელს, იანვარ-აგვისტოში, ქვეყნის დერეფანი 330 559 ტრეილერმა გადაკვეთა, ხოლო 2025 წლის იმავე პერიოდში — 316 014 ტრეილერმა.

რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, 2025 წელს სატვირთოების გატარებიდან ხაზინაში 171 286 748 ლარი შევიდა, შესაბამისად, საზღვარი საშუალოდ 489 390-მა სატვირთომ გადაკვეთა.

ცნობისთვის, სატრანზიტო ტრეილერებისთვის საქართველოს საზღვარზე გზებით სარგებლობის საფასური 350 ლარს შეადგენს. აღნიშნული ტარიფი 2022 წლის 20 ივლისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ.

აღსანიშნავია, რომ ახალქალაქი-კარწახის გზა, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სატრანზიტო მარშრუტია, უკვე 3-4 წელია გაუვალ მდგომარეობაშია. ადგილობრივებიც და საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლებიც გზის გაუვალობაზე მუდმივად ჩივიან, თუმცა სატვირთოების ნაკადი, მიუხედავად იმისა, რომ მცირდება, მაინც არ წყდება.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე