როდესაც ნარინე პოლადიანმა პირველად ნახა რთული სომხური ქვის ჯვრების, ხაჩქარების, შექმნის პროცესი, მას კვეთის ოსტატების სქესზე ყურადღება თითქმის არ მიუქცევია.
„მე მაინტერესებდა არა ის, თუ ვინ მუშაობს, არამედ ის, თუ როგორ მუშაობენ. თავად მუშაობის პროცესი შემიყვარდა, რადგან ისინი იყენებდნენ მტვრით დაფარულ უზარმაზარ ქვას“, — განუცხადა მან გამოცემა OC Media-ს.

მცირე ზომის ხაჩქარი (ჯვარქვა) ინსტრუმენტებს შორის, ნარინე პოლადიანის სამუშაო სივრცეში. ფოტო: ალექსანდრა კუნინგი / OC Media.
თუმცა, როდესაც მან ხალხისთვის იმის თქმა დაიწყო, რომ ამ ხელობის ათვისება სურდა, პასუხობდნენ, რომ ეს მამაკაცის საქმე იყო, რამაც იგი გააოცა.
სომხური ფესვების მქონე ნარინე, რომელიც ლიბანში დაიბადა, ამბობს, რომ ისეთ კულტურაში გაიზარდა, სადაც ქალისა და მამაკაცის პროფესიებს შორის დიდი განსხვავება არ არსებობდა. სწორედ ამიტომ, როდესაც იგი 24 წლის ასაკში სომხეთში პირველად ჩავიდა — გადაწყვეტილება, რომელიც, მისი თქმით, სამშობლოს ნახვის სურვილმა და იმ განცდამ განაპირობა, რომ ინტერიერის დიზაინერის იმჟამინდელ საქმიანობას მისთვის კმაყოფილება არ მოჰქონდა – მან შეძლო სტერეოტიპები უგულებელეყო და ყურადღება იმაზე გაემახვილებინა, რომ ხალხისთვის ეჩვენებინა: ქალებსაც შეუძლიათ ამ საქმის კეთება.

ნარინე პოლადიანი გიუმრიში მდებარე საკუთარი სტუდიიდან თავისი საქმიანობის შესახებ ჰყვება. ფოტო: ქსანდი (ალექსანდრა) კუნინგი / OC Media.
„როდესაც თქმა დაიწყეს, რომ ეს მამაკაცის საქმეა, ვთქვი: „ოჰ, ჩვენც შეგვიძლია ამის გაკეთება“ — იმდენად ვიგრძენი, რომ მათთვის ჩვენი შესაძლებლობები უნდა მეჩვენებინა, რომ უბრალოდ დავიწყე და აღარც გავჩერებულვარ“, — ამბობს ნარინე.
მას შემდეგ მან გიუმრიში სტუდია გახსნა, სადაც შეკვეთებზე მუშაობს, მასტერკლასებს ატარებს და ხეზე კვეთის (ხაჩქარის ტექნიკით) თვითსწავლების ნაკრებებს გზავნის.
„ეკლესიას ჯოჯოხეთში ვერ მოათავსებ“
დიდი ხაჩქარის წინ მდგარი, რომელიც გვერდზეა გადაწოლილი -თავად ნარინესა და მისი სტუდიის ყველა მოსწავლის ერთობლივი ნამუშევარი – ნარინე განმარტავს, რომ ხაჩქარები (ჯვარქვები) მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდა, რაც სომხეთმა ახ.წ. 301 წელს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად მიიღო. მანამდე მთელ სომხეთის მთიანეთსა და სამხრეთ საქართველოში მთლიანი ქვისგან გამოკვეთილი მონოლითები, ცნობილი როგორც ვიშაპაქარები ან „დრაკონის ქვები“, იდგმებოდა.
„როდესაც ქრისტიანობა მივიღეთ, დრაკონების გამოსახულებიან ქვებს ჯვრები დავამატეთ, მოგვიანებით კი ამ ქვების გვერდით ისეთი ქვების განთავსება დავიწყეთ, რომლებზეც ჯვრები იყო გამოკვეთილი. სწორედ ეს ქვები გახდა ჯვარქვები – ხაჩქარები“, – ამბობს ნარინე.

ერევნიდან ჩრდილოეთით, 90 კილომეტრში მდებარე ნორატუსის შუასაუკუნეების სასაფლაოზე სომხეთში ხაჩქარების ყველაზე დიდი კონცენტრაციაა წარმოდგენილი. ფოტო: ქსანდი (ალექსანდრა) კუნინგი / OC Media.
დროთა განმავლობაში ხაჩქარები სულ უფრო რთული და დახვეწილი ხდებოდა, რომლებიც საკულტო ცენტრალურ ელემენტად ან მემორიალურ ქვებად გამოიყენებოდა. 2010 წლიდან მათი სიმბოლიკა და ოსტატობა იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.
დღეს თითოეული ხაჩქარი პირობითად სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს. ქვედა ნაწილში არის წრე, რომელიც დედამიწას ან ჯოჯოხეთს გამოსახავს, ხოლო ზედა ნაწილში – სამოთხის გამოსახულებაა, შუაში ჯვრით ან ქრისტეს ფიგურით, რაც ზედა და ქვედა ნაწილებს, ადამიანებსა და ღმერთს შორის ერთიანობას ასახავს, – განმარტავს ნარინე. ამ ყველაფერს ერთმანეთთან მრავალრიცხოვანი მოტივები აკავშირებს -როგორც წესი, ყვავილები, გეომეტრიული ფიგურები, ცხოველები ან ბიბლიური მცირე სცენები.
„მოტივები შეგიძლიათ სადაც გინდათ ისე განათავსოთ, მაგრამ ჯერ ნამუშევრის საერთო კონცეფცია უნდა განსაზღვროთ – ეკლესიას ჯოჯოხეთში ვერ მოათავსებ“, – იცინის ნარინე.

ნარინე პოლადიანი მცირე ზომის ხაჩქარის ზედა ნაწილზე ანგელოზის გამოსახულებას კვეთს. ფოტო: ქსანდი (ალექსანდრა) კუნინგი / OC Media.
იგი იხსენებს, როგორ აითვისა ეს ძირითადი პრინციპები ერევნის ერთ-ერთ სახელოსნოში, სადაც იპოვა ხეზე კვეთის ოსტატი, რომელიც მის სწავლებას დათანხმდა. იქ მას ჯერ პატარა სავარჯიშო უჩვენეს, შემდეგ კი ნება დართეს ქვაზე ემუშავა, სადაც სახელმძღვანელოდ მოტივების წიგნს იყენებდა. საბოლოოდ, მან თავისი უნარები იმ დონეზე დაამტკიცა, რომ სრული განაკვეთის სამუშაო შეთავაზება მიიღო, რასაც დასთანხმდა კიდეც.
მოგვიანებით, მეუღლის მშობლიურ ქალაქ გюмრიში გადასვლის შემდეგ, მან გადაწყვიტა გარკვეული დროით დამოუკიდებლად ემუშავა ერევანში მიღებული გამოცდილების გამოყენებით. ეტაპობრივად მან უფრო დიდ ნამუშევრებზე დაიწყო მუშაობა და, საბოლოოდ, პირველი შეკვეთაც მიიღო კანადელი მამაკაცისგან, რომელსაც თავისი ინიციალების ამოკვეთა სურდა.
„ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან სულ ორი თუ სამი ინსტრუმენტი მქონდა – ალბათ ორი სატეხი (სატეხი/სატეხი დანა) და ერთი ჩაქუჩი. შეკვეთამ გაამართლა, რადგან მიღებულმა თანხამ საშუალება მომცა მეტი ინსტრუმენტი შემეძინა – ორი სატეხით დავიწყე, ახლა კი ათობით მაქვს“, – ამბობს ნარინე.

ნარინე პოლადიანის გიუმრის სახელოსნოში, დიდ ხაჩქარზე სატეხი დევს. ფოტო: ქსანდი (ალექსანდრა) კუნინგი / OC Media.
ავტოფარეხის სახელოსნოდან საზღვარგარეთ ჩატარებულ მასტერკლასებამდე
ნარინეს სტუდია გიუმრიში თავდაპირველად მისი მეუღლის ავტოფარეხში მდებარეობდა.
„ვფიქრობდი, რომ ასეთ პატარა სივრცეში დაწყება იდეალური იქნებოდა, რადგან იმ პერიოდში მცირე პროექტებზე ვმუშაობდი. თუმცა შემდეგ შეკვეთების მიღება დავიწყე და მივხვდი, რომ მეტი სივრცე მჭირდებოდა, ამიტომ ქმარს ვთხოვე მანქანა სხვაგან გადაეყენებინა. სწორედ აქ გამოვკვეთე ჩემი პირველი დიდი ხაჩქარი – უბრალოდ მაინტერესებდა, შევძლებდი თუ არა ამის გაკეთებას“, – იხსენებს ნარინე.

გზა ნარინე პოლადიანის გიუმრის სტუდიისკენ. ფოტო: ქსანდი (ალექსანდრა) კუნინგი / OC Media.
დღეს ავტოფარეხი გაფართოებულია და მოიცავს მეორე ოთახს, რომელიც მცირე სახელოსნოს ფუნქციას ასრულებს, მესამე ოთახს ნივთების შესანახად და ბაღს, რომელიც ღია ცის ქვეშ სამუშაო სივრცედ გამოიყენება.
„სახლი მნიშვნელოვნად გავაფართოეთ და ჩემი ქმარი ყოველთვის ხუმრობს, რომ მეზობლების სახლებსაც დავიკავებთ. მე ყოველთვის ვეუბნები, რომ არ იდარდოს – ჯერ მეორე სართულს დავაშენებთ“, – ამბობს იგი.
თავდაპირველად ნარინე გეგმავდა, ყურადღება საკუთარ ნამუშევრებსა და შეკვეთებზე გაემახვილებინა, თუმცა სტუდიის გახსნიდან მალევე მისმა მეგობრებმა ინტერესი გამოხატეს და რამდენიმე მასტერკლასის ჩატარება შესთავაზეს. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ ნარინე მიხვდა, რომ სურდა სომხური კულტურის ეს ასპექტი სხვებისთვისაც გაეზიარებინა, რადგან მიაჩნდა, რომ „ეს ყველამ უნდა იცოდეს და გამოცადოს“.
„მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ეს უბრალოდ ხელოვნება იყო -რაღაც, რასაც ვქმნიდი, დავიწყე იმის გააზრება, რომ მეტი ყურადღება საგანმანათლებლო ასპექტზე უნდა გაგვემახვილებინა“.

სტუდენტები ნარინეს სტუდიაში, მაგიდასთან მუშაობენ. ფოტო: ქსანდი (ალექსანდრა) კუნინგი / OC Media.
დღეს იგი მრავალ სტუდენტს მასპინძლობს, განსაკუთრებით ზაფხულში, რომელთაგან ბევრი ტურისტია.
„მათ შეუძლიათ ბედი კვეთაში ცადონ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მასტერკლასებზე დასწრება არ სურთ. ყოველთვის ვურჩევ, ჩემს დიდ ხაჩქარზე რამის გამოკვეთა სცადონ, რადგან უშუალოდ კვეთის პროცესის განცდა სრულიად განსხვავდება სხვების ყურებისგან“, – ამბობს ნარინე.
ახლა იგი ორ ტიპის მოკლე მასტერკლასს სთავაზობს მათ, ვინც გიუმრიში მხოლოდ ერთი დღით იმყოფება: 30-წუთიან გაკვეთილს სომხური ასოს გამოკვეთაში მაგნიტის დასამზადებლად და უფრო ხანგრძლივ, მრავალსაათიან გაკვეთილს, სადაც მათ მცირე ქვაზე ერთი მოტივის გამოკვეთა შეუძლიათ.
მან ასევე დაიწყო მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო და მასშტაბურ მეცადინეობებს ატარებს 200-დან 400 კაცამდე ჯგუფებისთვის ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა ნიუ-იორკი, ბოსტონი და პარიზი.

სომხური ანბანის ასოს გამოსახულებიანი ამოკვეთილი მაგნიტის შესაქმნელი ინსტრუმენტები. ფოტო: ქსანდი (ალექსანდრა) კუნინგი / OC Media.

ტურისტი ნარინე პოლადიანთან გიუმრიში ჩატარებული მეცადინეობის შემდეგ ხელში მზა მაგნიტს იჭერს. ფოტო: ქსანდი (ალექსანდრა) კუნინგი / OC Media.
„ყოველთვის მინდოდა გარეთ გასვლა და სწავლება, რადგან ბევრს სურს ამ ხელობის ათვისება, თუმცა აქ ჩამოსვლის შესაძლებლობა არ აქვს“, – ამბობს ნარინე და განმარტავს, რომ თან დააქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რომელთაც წინასწარ უგზავნიან.
იგი აღნიშნავს, რომ ამ მასტერკლასებზე ძირითადად ის ადამიანები მიდიან, რომლებიც საკუთარი სომხური მემკვიდრეობის შესწავლით არიან დაინტერესებულნი, თუმცა მას ასევე მიმართავენ ისინიც, ვისაც უბრალოდ საკუთარი ხელით რაღაცის შექმნა უყვარს.
„ახლა ჩვენი მიზანია, რომ სომხურ კულტურას თითოეული ადამიანი ეზიაროს“, – უსვამს ხაზს ნარინე და დასძენს, რომ სურთ სხვადასხვა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა დაიწყონ, რათა სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი კულტურული შესაძლებლობები გააფართოონ.

შუასაუკუნეების ხაჩქარების მწკრივი ნორატუსის სასაფლაოზე. ფოტო: ქსანდი (ალექსანდრა) კუნინგი / OC Media.
კიდევ ერთი გზა, რომლითაც ნარინე თავისი ოსტატობის გავრცელებას გეგმავს, თვითსწავლების ნაკრებებია. ეს იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც საზღვარგარეთ მყოფმა ბევრმა ადამიანმა ონლაინ-მასტერკლასების გავლის სურვილი გამოთქვა.
„ონლაინ მუშაობა ცოტა რთულია, რადგან სატეხი და სპეციალური ქვა გჭირდება“, – განმარტავს ნარინე. მოგვიანებით, როდესაც იგი დაორსულდა, ექიმმა უთხრა, რომ ორსულობის მეშვიდე თვის შემდეგ მუშაობა არ შეეძლო, რამაც ნარინე აიძულა ისეთ რამეზე დაფიქრებულიყო, რაც ფიზიკურ შრომას არ მოითხოვდა. მალევე მან შექმნა ნაკრები, რომელიც შედგება მცირე ოთხკუთხა ქვისგან, სატეხისგან, ჩაქუჩისა და ბროშურისგან, სადაც დიზაინის რამდენიმე ვარიანტია წარმოდგენილი.

ნარინეს საფირმო სიმბოლიკით დამშვენებული ერთ-ერთი ჩაქუჩი. ფოტო: ქსანდი (ალექსანდრა) კუნინგი / OC Media.
ახლა, ნარინეს თქმით, მას მუდმივი მომხმარებლები მიმართავენ, რომლებიც მხოლოდ ქვას ითხოვენ, რადგან ყველა საჭირო ინსტრუმენტი უკვე აქვთ.
თუმცა, სტუდიის სამუშაო მოცულობის ზრდისა და დადებითი გამოხმაურებების მიუხედავად, ნარინეს თავისი შემცვლელი/მემკვიდრე ჯერ კიდევ არ უპოვია.
„ვხედავ, რომ ქალებს სურთ ამის გაკეთება, მათთვის ეს ახალი რამ არის. პირველ მეცადინეობაზე, როდესაც ვკითხულობ: „ვის სურს სცადოს?“, თითოეულ გოგონას აქვს სურვილი, ხოლო ბიჭები, ჩემი დაკვირვებით, ცოტას კომპლექსობენ“, -ამბობს იგი.
მიუხედავად ამისა, მას ჯერ კიდევ არ უპოვია მოსწავლე, რომელსაც ხაჩქარების დამზადება ყოველდღიურ საქმიანობად ექნებოდა არჩეული – „ვიმედოვნებ, ასეთი ადამიანი მალე გამოჩნდება“.
ავტორი – ქსანდი (ალექსანდრა) კუნინგი
სტატია ქვეყნდება OC Media-სთან კონტენტის გაცვლის პარტნიორობის ფარგლებში. ინგლისურენოვანი ორიგინალის წაკითხვა შეგიძლიათ აქ.