ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების, სულდისა და დადეშის გაზიფიცირება გრძელდება. გაზგამანაწილებელი კომპანია SJGC საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისგან (სემეკი) ნებართვას ელოდება, რათა მოსახლეობის სახლები ბუნებრივი აირის ქსელში ჩართოს.
ორი სოფლის გაზიფიცირების პროცესი მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო. ამ ეტაპზე დასრულებულია ცენტრალური მაგისტრალის გაყვანისა და მრიცხველების ყუთების დამონტაჟების სამუშაოები. პროექტის დასრულების შემდეგ გაზმომარაგების ქსელში 240-მდე აბონენტის ჩართვა იგეგმება.
გაზგამანაწილებელი კომპანია SJGC-ის დირექტორის, ვრეჟ ბერიკიანის განცხადებით, კომპანია მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ნებართვას ელოდება, რის შემდეგაც სულდისა და დადეშის მცხოვრებთა სახლების ქსელზე მიერთების სამუშაოები გაგრძელდება.
ბერიკიანმა ასევე აღნიშნა, რომ წელს კომპანია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების – ბოზალის, ოკამისა და კარწების გაზიფიცირების დაწყებას გეგმავს.
გაზიფიცირების გარეშე ჯერჯერობით რჩება სოფლები: მიასნიკიანი, ერინჯა, დავნია, ხავეთი, ფილიპოვკა, კარწახი, აზმანა, აპნია და გოგაშენი.
შეახსენებთ, რომ გასულ წელს გაზიფიცირდა სოფლები: დიდი სამსარი, პატარა სამსარი, მოდეგამი, ბუზავეთი და აბული.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გაზგამანაწილებელი კომპანია SJGC ასევე ახორციელებს სამუშაოებს სოფლების – ფარავნისა და ახალი ხულგუმოს გაზიფიცირებისთვის.