რომელი მედიკამენტების შემოტანა და გატანაა აკრძალული საქართველოში?

რომელი მედიკამენტების შემოტანა და გატანაა აკრძალული საქართველოში?

საქართველოში ნებადართულია პირადი მოხმარებისთვის სამკურნალო საშუალებების შემოტანა და გატანა, თუმცა წესები ყველა პრეპარატზე ერთნაირად არ ვრცელდება. კანონმდებლობა მკაფიოდ ასხვავებს ჩვეულებრივ სამკურნალო საშუალებებსა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს. ზოგიერთ შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია 10 შეფუთვამდე მედიკამენტის გადატანა ყოველგვარი დოკუმენტის გარეშე, თუმცა არსებობს მედიკამენტები, რომელთა გადატანაც აკრძალულია ექიმის ცნობისა და რეცეპტის გარეშე.

საქართველოში მოქმედი წესების თანახმად, ფიზიკურ პირს უფლება აქვს პირადი მოხმარებისთვის ქვეყანაში შემოიტანოს ან ქვეყნიდან გაიტანოს სპეციალურ კონტროლს არდაქვემდებარებული სამკურნალო საშუალების არაუმეტეს 10 სტანდარტული შეფუთვა. ასეთ შემთხვევაში სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენა საჭირო არ არის.

თუ სამკურნალო პრეპარატის რაოდენობა 10 შეფუთვას აღემატება, მოქალაქემ უნდა დაადასტუროს, რომ პრეპარატი განკუთვნილია პირადი მკურნალობისთვის. ამისათვის საჭიროა ექიმის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იქნება პაციენტის მონაცემები, დიაგნოზი, პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივთიერება, დოზირება, რაოდენობა და მკურნალობის ხანგრძლივობა.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებებზე, რომლებიც შეიცავენ ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ ან ანალოგიურ ნივთიერებებს, მოქმედებს განსაკუთრებული წესები. ასეთ შემთხვევებში პირადი მოხმარებისთვის ნებადართულია მხოლოდ იმ რაოდენობის შემოტანა ან გატანა, რაც აუცილებელია მკურნალობის 31-დღიანი კურსისთვის.

გარდა ამისა, მოქალაქე საზღვარზე უნდა გამოცხადდეს შემდეგი დოკუმენტაციით:

საბაჟო დეკლარაცია;

ექიმის რეცეპტი;

ექიმის ცნობა, რომელიც ადასტურებს სამკურნალო პრეპარატის გამოყენების აუცილებლობას.

უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დოკუმენტები, როგორც წესი, შედგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე ან თან ახლდეს შესაბამისი თარგმანი.

საბაჟო ამოწმებს, შეესაბამება თუ არა სამკურნალო პრეპარატის რაოდენობა რეცეპტს, სწორად არის თუ არა მითითებული მოქმედი ნივთიერება, დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა.

ასევე აღსანიშნავია, რომ შეზღუდვა დამოკიდებულია არა მხოლოდ პრეპარატის დასახელებაზე. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რომელ მოქმედ ნივთიერებას შეიცავს წამალი, რა დოზირებით, რა ფარმაცევტული ფორმით არის წარმოდგენილი და შედის თუ არა იგი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სიაში.
რაც შეეხება აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც გარკვეულ სირთულეებს წარმოადგენენ და სხვადასხვა ფორმით შედიან საქართველოს სპეციალური კონტროლის სიაში, ასეთ ნივთიერებებს მიეკუთვნება:

მორფინი;
ფენტანილი;
ოქსიკოდონი;
კოდეინის ზოგიერთი ფორმა;
ტრამადოლის ზოგიერთი ფორმა;
დიაზეპამი; ლორაზეპამი;
ალპრაზოლამი;
კლონაზეპამი;
ზოლპიდემი;
მეთილფენიდატი;
პრეგაბალინი ;
ბუპრენორფინი;
მეთადონი და სხვა.
თუმცა ეს წესი ყველა წამალზე არ ვრცელდება. მნიშვნელოვანია შემდეგი: აქტიური ინგრედიენტი; დოზა; გამოშვების ფორმა (ტაბლეტი, ამპულა და ა.შ.); კონკრეტულად რომელ სიაშია იგი შეყვანილი.

კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც საქართველოში გარკვეული ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანა სრულიად აკრძალულია, ექიმის რეცეპტის არსებობის შემთხვევაშიც კი. ამიტომ, სპეციალისტები მგზავრებს ურჩევენ, საზღვრის გადაკვეთამდე გადაამოწმონ, ექვემდებარება თუ არა მათ მიერ გამოყენებული მედიკამენტები სპეციალურ კონტროლს და, საჭიროების შემთხვევაში, თან იქონიონ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე