საქართველოში 165 000-ზე მეტ მძღოლს მართვის მოწმობაზე ქულები დააკლდა

13.08.2026 Newsroom სიახლე 130
საქართველოში 165 000-ზე მეტ მძღოლს მართვის მოწმობაზე ქულები დააკლდა

2025 წელს საქართველოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის 560 მძღოლს 100-ივე საჯარიმო ქულა ამოეწურა, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 200%-ით მეტია (მაშინ საჯარიმო ქულები 186 ადამიანს ამოეწურა).

რაც შეეხება 2026 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ბოლო სტატისტიკური მონაცემების თანახმად (რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ იანვარ-მარტის პერიოდს მოიცავს), მართვის მოწმობაზე ქულები 165 091 ადამიანს დააკლდა, საიდანაც ქულები სრულად მხოლოდ 31 პირს გაუუქმდა.

ცნობისთვის, საქართველოში ყოველი წლის 1-ელ იანვარს მართვის მოწმობას 100 ქულა ერიცხება. პოლიციის მიერ დაფიქსირებული სხვადასხვა დარღვევისთვის მძღოლს ქულების განსაზღვრული რაოდენობა აკლდება. მაგალითად, ქულები აკლდება სიჩქარის გადაჭარბების, წინა სავარძელზე მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის შეუკვრელობის, საჭესთან ტელეფონით ლაპარაკისა და ა.შ. გამო.

ქულების სრულად ამოწურვის (ნულზე დაყვანის) შემთხვევაში, მძღოლი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას კარგავს. მართვის უფლების აღსადგენად თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ხელახლა ჩაბარებაა საჭირო.

რაც შეეხება სტატისტიკას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში მართვის მოწმობიდან საჯარიმო ქულები 165 091 ადამიანს ჩამოეჭრა, ხოლო ქულები სრულად ამოეწურა მხოლოდ 31 პირს.

გამოცემა „BusinessPressNews“-ს მოჰყავს მონაცემები რეგიონების მიხედვით იმ ადამიანების რაოდენობის შესახებ, რომელთაც ქულები დააკლდათ ან სრულად ამოეწურათ (თქვენი ინფორმაციისთვის, ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოქვეყნებული აქვს მხოლოდ პირველი კვარტლის ოფიციალური სტატისტიკა):

თბილისი – დააკლდა: 49 053, ამოეწურა: 7

იმერეთი – დააკლდა: 18 398, ამოეწურა: 3

ქვემო ქართლი – დააკლდა: 18 176, ამოეწურა: 6

აჭარა – დააკლდა: 15 497, ამოეწურა: 4

სამეგრელო-ზემო სვანეთი – დააკლდა: 13 389, ამოეწურა: 1

კახეთი – დააკლდა: 13 360, ამოეწურა: 2

შიდა ქართლი – დააკლდა: 8 635, ამოეწურა: 3

სამცხე-ჯავახეთი – დააკლდა: 4 950, ამოეწურა: 0

გურია – დააკლდა: 4 587, ამოეწურა: 0

მცხეთა-მთიანეთი – დააკლდა: 3 198, ამოეწურა: 1

აფხაზეთი – დააკლდა: 845, ამოეწურა: 0

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – დააკლდა: 681, ამოეწურა: 0

სხვა – დააკლდა: 14 322, ამოეწურა: 4

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების 2026-2030 წლების ეროვნული სტრატეგია“ და „2026-2027 წლების სამოქმედო გეგმა“, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გზებზე სიჩქარის შემცირებაა. სტრატეგიის ერთ-ერთი პუნქტის შესაბამისად, მთავრობა გეგმავს შემოიღოს საჯარიმო ქულების ჩამოჭრის სისტემა ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებულ სიჩქარის გადაჭარბებაზეც.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე