საქართველოს პარლამენტი ეროვნული ღირებულებების დასაცავად კანონის მიღებას გეგმავს. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, წერს გამოცემა Publika.ge.
7 აგვისტოს ის შეხვდა საინიციატივო ჯგუფის წევრებს — მსახიობ გიორგი შანიძეს, რეჟისორ გიორგი სიხარულიძესა და ბათუმის თეატრის დირექტორს, კოტე მჟავიას.
შეხვედრის შემდეგ, პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მან განაცხადა, რომ კონსულტაციები გაიარა პარლამენტის სპიკერ შალვა პაპუაშვილთან, ასევე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და ისინი იწყებენ მუშაობას საკანონმდებლო პაკეტზე.
გორდულაძის თქმით, ეს პაკეტი „წარედგინება პარლამენტს და მიღებული იქნება საშემოდგომო სესიის განმავლობაში“:
„ათწლეულების განმავლობაში გარედან მიზანმიმართულად აფინანსებენ, წარმართავენ და აქებენ იმ პირებს, რომლებიც ამ დაპირისპირებას აღვივებენ. განსაკუთრებული შეტევა მიდის საქართველოს ეკლესიაზე, ცდილობენ შუღლის დათესვას სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენლებს შორისაც…
ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია და კონსულტაცია პარლამენტის თავმჯდომარესთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ვიწყებთ მუშაობას აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგებაზე. მომზადდება ცვლილებების შესაბამისი პაკეტი, რომელიც შესაბამისი კონსულტაციების დასრულების შემდეგ გასაჯაროვდება“.
„ეროვნული ღირებულებების დასაცავად“ საინიციატივო ჯგუფის შექმნის შესახებ შანიძემ, სიხარულიძემ და მჟავიამ 3 ივლისს განაცხადეს. მანამდე მსგავსი რიტორიკით გამოვიდა MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილი. მან რეესტრში უკვე დაარეგისტრირა ორგანიზაცია „ეროვნული თაობა“.
ამასთან, ჯერ კიდევ 2024 წელს „ქართული ოცნების“ წევრები აცხადებდნენ, რომ გეგმავდნენ საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებას რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის. თუმცა მაშინ საკანონმდებლო ნაბიჯები არ გადადგმულა.