გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში, ყოველთვიურად 12 წერტილში ახორციელებს.

„შავ ზღვაში აღებული წყლის სინჯები ანალიზისთვის იგზავნება გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის აპარატურით და სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.

კვლევები განსაზღვრავს ჰიდრობიოლოგიურ და ქიმიურ პარამეტრებს, მათ შორის 13 მძიმე ლითონის, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადების, 16 პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრების კონცენტრაციას.

სააგენტოს მიერ ამ დროისთვის ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია.

აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო, ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, აქტიურად აგრძელებს მონიტორინგის სისტემის სრულყოფას.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგები ქვეყნდება უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.