2025 წელს საქართველომ 2 მილიარდი ლარის ღირებულების 20 მილიონი ამანათი გამოიწერა – ამის შესახებ ირკვევა შემოსავლების სამსახურის სტატისტიკიდან, რომელიც უწყებამ საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაციას მიაწოდა. თანხობრივად გამოწერილი ამანათების ჯამური ღირებულება გასულ წელს 604 მილიონი ლარით, ანუ 42%-ით გაიზარდა. შედარებისთვის მხოლოდ ეს ნაზრდი უფრო მეტია, ვიდრე 2020 წელს გამოწერილი ამანათების ჯამური ღირებულება რაც 558 მილიონ ლარს შეადგენდა.
რაოდენობრივად კი ამანათების რიცხვი გასულ წელს 4.8 მილიონი ამანათით, ანუ 32%-ით გაიზარდა.
სტატისტიკიდან ირკვევა, რომ უცხოეთიდან გამოწერილი ამანათების მიმართულებით ბუმი დაკავშირებულია ჩინეთიდან ელექტრონული ვაჭრობის მკვეთრ ზრდასთან, რადგან ამანათების ჯამური ღირებულების 43%, ანუ 874 მილიონი ლარი სწორედ ჩინეთიდან იყო გამოწერილი. რაოდენობრივად კი ამანათების რიცხვი 13,679,179-ს შეადგენდა, რაც ნიშნავს რომ მთლიანი ამანათების 69% სწორედ ჩინეთიდან იყო გამოწერილი.
რაოდენობრივი ანალიზი აჩვენებს, რომ ჩინეთიდან გამოწერილი ერთი ამანათის საშუალო ფასი 2025 წელს 64 ლარს შეადგენდა, რაც 4.7-ჯერ ნაკლებია დღგ-ის გარეშე განბაჟების 300 ლარიან ლიმიტზე, ეს კი ნიშნავს რომ მოსახლეობამ 874 მილიონი ლარის პროდუქცია შეიძინა ჩინეთიდან, რომლის ანალოგის ადგილობრივ ბაზარზე შეძენის შემთხვევაშიც მინიმუმ 18%-ით მეტის (157 მლნ ლარით მეტის) გადახდა მოუწევდა. ჩინეთიდან ამანათების მიმართულებით არსებული ბუმი დაკავშირებულია ონლაინ ვაჭრობის გიგანტების – Temu-ს; Shein-ის; Alibaba-ს; Pinduoduo-ს მიერ ქართულ ბაზარზე მარკეტინგის მნიშვნელოვანი ზრდით, ასევე საქართველოში გზავნილის უფასოდ მიწოდების სერვისის შეთავაზებით.
კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც უკანასკნელ წლებში გააქტიურდა არის ონლაინ კომერცია რუსეთიდან, რაც დაკავშირებულია Ozon-ისა და Wildberries-ის მიერ საქართველოში წარმომადგენლობის გახსნით. თუკი 2024 წელს რუსეთიდან საქართველოში სულ 16 მილიონი ლარის ჯამური ღირებულების 193 ათასი ამანათი შემოვიდა, 2025 წელს რუსეთიდან შემოსული ამანათების რაოდენობა 474%-ით, 1.1 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო ჯამური ღირებულება 52 მილიონ ლარამდე გაიზარდა. სტატისტიკის მიხედვით, რუსეთიდან შემოსული ამანათები მნიშვნელოვანწილად იაფი ღირებულების საქონელს წარმოადგენს და საშუალო ფასი მხოლოდ 47 ლარს შეადგენს.