2026 წლის პირველ ხუთ თვეში თბილისში გაცემული სამშენებლო ნებართვების მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 34.4%-ით, ხოლო მათი რაოდენობა — 18%-ით შემცირდა. Galt & Taggart-ის უახლესი მონაცემებით, 2026 წლის მაისში ნებართვა გაიცა 23 საცხოვრებელ პროექტზე, რომელთა საერთო საცხოვრებელი ფართობი 165 484 კვ.მ-ს შეადგენს.
საინვესტიციო ბანკი აღნიშნავს, რომ ბაზარზე ჭარბი მიწოდების თავიდან ასაცილებლად, კლების ეს ტენდენცია წლის ბოლომდე უნდა შენარჩუნდეს.
„2025 წელს, მოთხოვნის შესუსტების ფონზე, გაცემული სამშენებლო ნებართვების დიდმა რაოდენობამ უძრავი ქონების ბაზრისთვის გარკვეული რისკები შექმნა, რადგან გაზარდა ჭარბი მიწოდების საფრთხე. 2025 წლის ოქტომბრიდან სამშენებლო ნებართვების რაოდენობამ კლება დაიწყო და ეს ტენდენცია უკვე რვა თვეა ნარჩუნდება. მოვლენების ასეთი განვითარება ცალსახად პოზიტიურია, რადგან ხელს უწყობს ჭარბი მიწოდების რისკის შემცირებას. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მიწოდების შემცირება წლის ბოლომდე მსგავსი ტემპით გაგრძელდეს, რათა მოთხოვნა და მიწოდება თანდათან მიუახლოვდეს წონასწორობის წერტილს“.
მიწოდების ზრდისა და სუსტი მოთხოვნის ფონზე, 2025 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები თვეში საშუალოდ მხოლოდ 0.2%-ით იზრდებოდა, რაც საკმაოდ ნელი ტემპია. თუმცა, მას შემდეგ, რაც 2025 წლის ოქტომბრიდან სამშენებლო ნებართვების რაოდენობა შემცირდა, ფასების ზრდის ტემპი კვლავ დაჩქარდა. 2026 წელს ჩვენ უკვე ვხედავთ ფასების ზრდას თვეში საშუალოდ 0.6%-ით.
ამ ეტაპზე, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ზრდა სტაბილურია და ინარჩუნებს შედარებით მაღალ ტემპს, რაც მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსის თანდათანობით აღდგენაზე მიუთითებს“, — განაცხადა კომპანია Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა, ოთარ წუხიშვილმა.
წაიკითხეთ ვრცლად: bizzone.info