ახალქალაქის ყოფილ #1 სამხედრო დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო, რომელიც წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო და ხშირად ზიანდებოდა. სამუშაოებისთვის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 337 337 ლარი გამოიყო.
ახალქალაქის ყოფილ #1 სამხედრო დასახლებაში, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით, საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები ახლახან დაიწყო და მას შპს „ნდს მშენებლობა“ 337 337 ლარად ასრულებს.
ყოფილი #1 სამხედრო დასახლების საკანალიზაციო სისტემა და წყალსადენი ხაზები ამორტიზებული და მოძველებულია. ისინი დიდი ხნის წინ აშენდა და არა მხოლოდ რეაბილიტაციას, არამედ რეკონსტრუქციასაც საჭიროებდა. დასახლების საკანალიზაციო და წყალმომარაგების სისტემები ხშირად გამოდიოდა მწყობრიდან და მაცხოვრებლებს დისკომფორტს უქმნიდა.
წელს ადგილობრივმა ბიუჯეტმა ფინანსური სახსრები საკანალიზაციო სისტემის ნაწილის რეაბილიტაციისთვის გამოყო.
სამუშაოები დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყო. ტენდერში შპს „ნდს მშენებლობამ“ გაიმარჯვა — მან სამუშაოების შესრულება 337 337 ლარად ითავა, რითაც თავდაპირველი ღირებულება 15 961 ლარით შეამცირა.
„სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. რეაბილიტაციას ვუტარებთ დაახლოებით 5 კორპუსის საკანალიზაციო სისტემას. ძველი სისტემის პარალელურად ვაშენებთ ახალს, შემდეგ კი ძველს ახალთან მივაერთებთ. სამუშაოები ნორმალურად მიმდინარეობს“, — განაცხადეს კომპანია „ნდს მშენებლობაში“.
kanalizaciya

ამჟამად მუშები თხრიან ტრანშეებს და ახალი მილების დასამონტაჟებლად ძველი ხაზის პარალელურად ახალს ამზადებენ. საჭირო მასალები უკვე ადგილზეა მიტანილი.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს საკანალიზაციო სისტემის ნაწილის რეაბილიტაცია განხორციელდა, რისთვისაც 193 675 ლარი იყო გამოყოფილი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა, არა მოვსესიანმა აღნიშნა, რომ მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ ყოფილი სამხედრო დასახლების მთელი საკანალიზაციო სისტემა განახლდება.
„საკანალიზაციო სისტემა სრულად განახლდება. ახლა ვცვლით იმ 6 კორპუსის სისტემას, რომლებიც ერთ ხაზზე მდებარეობს. გასულ წელს სისტემა დანარჩენ შენობებთან შევცვალეთ. ასევე გვაქვს განზრახვა, რომ დასახლებაში პარკი ავაშენოთ, შემდეგ კი ეტაპობრივად ტერიტორიის კეთილმოწყობაზე ვიზრუნოთ“, — განაცხადა არა მოვსესიანმა.

kanalzacya