24 ივნისს, ახალქალაქის კულტურის სახლში ახალქალაქის ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლ „მურჯის“ ყოველწლიური კონცერტი გაიმართა.
წლების განმავლობაში ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „მურჯი“ სასწავლო წელს ფინალური კონცერტით აჯამებს, რომელზე დასწრებაც ყოველთვის უფასოა. ამჯერად დარბაზი თითქმის სავსე იყო მაყურებლით, ესწრებოდნენ ანსამბლის მოცეკვავეების მშობლები და ახლობლები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და სხვები.
ანსამბლ „მურჯის“ გიორგი მეტრეველი ხელმძღვანელობს. მასთან ერთად ქართულ ხალხურ ცეკვებს მარიამ მოგებაძეც ასწავლის. ანსამბლი აერთიანებს სხვადასხვა ეროვნების ბავშვებს — ქართველებს, სომხებს, ბერძნებსა და სხვებს, რომლებიც ეცნობიან ქართულ კულტურას და სწავლობენ ხალხურ ცეკვებს. წელს, შემაჯამებელ კონცერტზე, სამი ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებმა შეასრულეს 20 ქართული ხალხური ცეკვა და ერთი სომხური ხალხური ცეკვა — „წაღკაფუნჯი“ (ყვავილების თაიგული).
ანსამბლის სამი ჯგუფიდან თითოეულს აქვს საკუთარი საცეკვაო დადგმა და ტრადიციული ჩოხა-ტანისამოსი (ტარაზი). ყოველ წელს ანსამბლი ახლდება — მოცეკვავეები ასრულებენ სკოლას და სწავლას საქართველოს უნივერსიტეტებში აგრძელებენ, მათ ადგილებს კი ახალი წევრები იკავებენ. წელს ანსამბლი მხოლოდ ერთმა მოცეკვავე გოგონამ დატოვა, მთელმა ანსამბლმა მას გამომშვიდობებისას ცრემლები ვერ შეიკავა.