საქართველოში ყოველი სავაჭრო ობიექტი თავის საქმიანობას საკასო აპარატის (მოწყობილობის) მეშვეობით ახორციელებს. ახალქალაქშიც ყველა მაღაზია, სილამაზის სალონი, სერვის-ცენტრი და ა.შ. აუცილებლად საკასო აპარატით მუშაობს, თუმცა არც ახალქალაქში და არც მეზობელ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში არ არსებობს საკასო აპარატების მომსახურების არცერთი სერვის-ცენტრი, რაც დიდ უხერხულობას უქმნის ადგილობრივ საწარმოებსა და ბიზნესს.

ერთ-ერთი ახალქალაქური საწარმოს წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ახლახან მის საკასო აპარატს პროგრამული პრობლემა შეექმნა, რის გამოც მის მოსაგვარებლად ახალციხეში მოუწია წასვლა.
„ძალიან დატვირთული სამუშაო გრაფიკი მაქვს, მცირე პრობლემის მოგვარებაზე ნახევარი დღე დავკარგე, ტრანსპორტის ხარჯებზე რომ აღარაფერი ვთქვა“, — განაცხადა მან.

„აპარატის მეხსიერება გაივსო, ამ პრობლემის მოგვარებას სულ 5 წუთი დასჭირდა. მანქანა არ მყავს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით წავედი, უკან დასაბრუნებლად კი ტრანსპორტის ლოდინი მომიწია. მთელი დღე დავკარგე, ჩემი სილამაზის სალონის დაკეტვა მომიწია. ხდება პირიქითაც: სანამ ისინი შეკეთებას დაასრულებენ, ახალქალაქისკენ მიმავალი ტრანსპორტი უკვე გასულია და იძულებული ხარ ტაქსის იმედად დარჩე, რაც დამატებითი ხარჯია“, — გვიამბო ახალქალაქში ერთ-ერთი ცნობილი სილამაზის სალონის მფლობელმა.

„Jnews“-მა დაუკავშირდა კომპანია „GSN“-ს, რომელიც საკასო აპარატების მომსახურებითაა დაკავებული. კომპანიის წარმომადგენელმა ტელეფონით შეგვატყობინა, რომ ამ საკითხზე მათ არაერთხელ მიმართავენ.
„კომპანიამ იცის ახალქალაქში მომსახურების პრობლემის შესახებ, ვფიქრობთ სერვის-ცენტრის გახსნაზე, თუმცა კონკრეტულ ვადებს ჯერჯერობით ვერ ვასახელებთ“.

კითხვაზე, ხომ არ არსებობს რაიმე კონკრეტული მიზეზი, რის გამოც ახალქალაქში დღემდე არ არის საკასო აპარატების მომსახურების ცენტრი, თანამშრომელმა უპასუხა:
„ვიცით, რომ მოთხოვნა არის, მაგრამ ყველგან ოფისების გახსნის შესაძლებლობა არ გვაქვს“.

გამოკითხვის პროცესში „Jnews“-მა გაარკვია, რომ ჩვენს ქალაქში არის ადამიანი, რომელიც საკუთარი ინიციატივით ცდილობს საკასო აპარატების მომსახურების პრობლემის მოგვარებას.
კრისტინა მანუკიანმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ იგი აპარატების ნაწილობრივ მომსახურებას ეწევა.
„ადამიანებს ჯერ იმაში ვეხმარები, რომ გაიგონ, რა პრობლემა აქვს აპარატს. თუ პრობლემა პროგრამულია და დროს ან თარიღს ეხება, მათი მოგვარება შემიძლია, სხვა პრობლემების შემთხვევაში კი ახალციხეში ვამისამართებ“.

აღსანიშნავია, რომ ეს პრობლემა ახალქალაქში უკვე მრავალი წელია ზედიზედ აქტუალურია, თუმცა…