საქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქალაქთაშორისო გადაყვანებზე ტარიფები გაიზარდა. როგორც ცნობილია, ფასების ცვლილება ძირითადად ცალკეულ მიმართულებებს შეეხო.

BM.GE დაუკავშირდა ავტოსადგურებსა და მიკროავტობუსების მძღოლებს, რომლებმაც ტარიფების მატება დაადასტურეს. მათი ინფორმაციით, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება 5 ლარით გაიზარდა, მაშინ როდესაც თელავის მარშრუტზე ტარიფი უცვლელი დარჩა.

ავტოსადგურ „ოკრიბას“ იურისტმა, პაატა კვავაძემ განაცხადა, რომ მთელ რიგ მიმართულებებზე, მათ შორის ბათუმის, ქუთაისისა და მარტვილის ხაზებზე, ფასები დაახლოებით ერთი თვის წინ შეიცვალა.
„ცვლილება გასული თვის დაახლოებით 19 რიცხვში მოხდა“, — აღნიშნა ავტოსადგურის წარმომადგენელმა.

გარდა ამისა, ჩვენთან ინტერვიუში ერთ-ერთმა მძღოლმა აღნიშნა, რომ ბათუმამდე მგზავრობის ღირებულება დაახლოებით 5 ლარით გაიზარდა და ამჟამად 45 ლარს შეადგენს. მისი თქმით, ბოლო მატება ძირითადად საწვავის ფასების ზრდას უკავშირდება.
„ჩვენი ხარჯები დაახლოებით 60%-ით გაიზარდა. ადრე მგზავრობა 40 ლარი ღირდა, ახლა — 45. კიდევ რამდენით შეიძლება გაუზარდო ფასები ადამიანებს, რომლებსაც ისედაც ძლივს გააქვთ თავი?“ — ამბობს მძღოლი.

მისივე თქმით, ფასების ზრდის ფონზე შემცირდა მგზავრთა ნაკადიც, რაც, მძღოლების აზრით, ასევე უკავშირდება ტრანსპორტის რეგულაციებსა და ბაზარზე არსებულ ცვლილებებს. საუბარია ე.წ. „სადგურიდან სადგურამდე“ სისტემაზე, რომელმაც, მათი შეფასებით, შესაძლოა ბევრი მძღოლი სამუშაოს გარეშე დატოვოს.

მძღოლები აღნიშნავენ, რომ ახალი წესები, შეზღუდვები და ჯარიმები სექტორზე დამატებით ზეწოლას ქმნის. მათი თქმით, განმეორებითი დარღვევებისთვის ჯარიმები 1 000-დან 4 000 ლარამდე იზრდება, რაც ბიზნესის წარმოებას კიდევ უფრო ართულებს.

მძღოლების განცხადებით, ლიცენზირებულ გადამყვანებთან ერთად ბაზარზე მუშაობას კვლავ აგრძელებენ არალიცენზირებულებიც, რაც კონკურენციას ამწვავებს. „დღეს ამ სამუშაოთი ოჯახის რჩენა უკვე ძალიან ჭირს, თითქმის შეუძლებელია“, — განაცხადა მძღოლმა.