გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს რეზოლუციას 2026 წლის სესიაზე 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.

როგორც გაერო-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რეზოლუციის პროექტის მთავარი მიზანია, განხილული იყოს ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობა, რომლებიც იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლები ეთნიკური წმენდის ტალღების შედეგად.

„დიდი პატივია, კიდევ ერთხელ მივმართო გენერალურ ასამბლეას ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის სახელით, რომლებიც იძულებით გადაადგილდნენ საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. დღეს თქვენ წინაშე ვდგავარ ტრიბუნაზე, რათა მივიღო ღირსეული მხარდაჭერა გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის. ამ რეზოლუციის პროექტის მთავარი მიზანი უცვლელი რჩება, განხილული იყოს ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობა, რომლებიც იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლები ეთნიკური წმენდის ტალღების შედეგად, რომლებიც 1990-იანი წლებიდან დაიწყო და კულმინაციას საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიით მიაღწია.

2008 წელს ამ რეზოლუციის პირველი მიღების შემდეგ ის საერთაშორისო საზოგადოების მზარდი მხარდაჭერით სარგებლობს, რასაც ადასტურებს მხარდამჭერი ხმებისა და თანასპონსორი ქვეყნების მუდმივად მზარდი რაოდენობა. დღეს რეზოლუციის პროექტის თანასპონსორია გაერო-ს 67 წევრი სახელმწიფო მსოფლიოს ყველა რეგიონიდან, რაც ნათელი დასტურია საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისადმი საერთო ერთგულებისა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის დაბრუნების უფლების პატივისცემა, საკუთრების უფლებების დაცვა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოწოდება“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.