2026 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნესსექტორის ბრუნვა 10,7%-ით გაიზარდა და 62 მილიარდი ლარი შეადგინა. აღნიშნულ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათივე ინფორმაციით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ამავე სექტორის პროდუქციის გამოშვებაც. კერძოდ, 2026 წლის I კვარტალში მისმა მოცულობამ 23,3 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 12,4%-ით მეტია.

გარდა ამისა, ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის 70,8% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 11,2% — საშუალოზე, ხოლო 18% — მცირე ბიზნესზე.

საქსტატის მონაცემებით, პროდუქციის გამოშვების მოცულობის მიხედვით განაწილება შედარებით განსხვავებული იყო: მსხვილ საწარმოებზე მოდიოდა პროდუქციის 48,9%, საშუალოზე — 23,6%, ხოლო მცირეზე — 27,5%.

„2026 წლის პირველ კვარტალში საწარმოთა მიერ საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 29,5 მილიარდი ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2,5%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა — 17,9 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4,0%-ით მეტი)“.

2026 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკის ამ სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ 799,4 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3,7%-ით მეტია. დასაქმებულთა საერთო რაოდენობიდან 44,2%-ს ქალები შეადგენდნენ, ხოლო 55,8%-ს — კაცები.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 43,6% მსხვილ საწარმოებზე მოდიოდა, 19,4% — საშუალოზე, ხოლო 37% — მცირე საწარმოებზე.

საანგარიშო პერიოდში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 743,7 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3,5%-ით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანმა ხარჯებმა პერსონალზე — 5,319 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11,4%-ით მეტი).

2026 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 2 335,9 ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 166,3 ლარით), მათ შორის ქალების შრომის ანაზღაურებამ შეადგინა 1 837,6 ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 126,1 ლარით).

საშუალო თვიური ხელფასი საწარმოთა ზომის მიხედვით შემდეგნაირი იყო:

მსხვილი ბიზნესი – 2 513,5 ლარი;

საშუალო ბიზნესი – 2 786,5 ლარი;

მცირე ბიზნესი – 1 787,2 ლარი.

2026 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი — 36,8% ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორმა დაიკავა, მას მოსდევს ვაჭრობა (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) — 31,4%-იანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა — 7,4%, მშენებლობა — 4,5%, ტრანსპორტი და დასაწყობება — 4,5%, ინფორმაცია და კომუნიკაცია — 4,4%, ხოლო დარჩენილი 10,9% სხვა სექტორებზე გადანაწილდა.

2026 წლის პირველ კვარტალში პროდუქციის გამოშვების მიხედვით ეკონომიკის ხუთი წამყვანი სექტორი იყო: დამამუშავებელი მრეწველობა (19,5%), ვაჭრობა (16,7%), მშენებლობა (13,6%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (11,7%) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9,5%), ხოლო დანარჩენ სექტორებზე ეკონომიკის მთლიანი სტრუქტურის 28,9% მოდიოდა.

2026 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ეკონომიკის წამყვანი სექტორები იყო: ვაჭრობა (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობა, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები, შესაბამისად 29,3%, 11,4% და 9,4%-იანი წილებით.

„სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი ეკავათ აგრეთვე ტრანსპორტისა და დასაწყობების (8,1 პროცენტი), მშენებლობის (7,5 პროცენტი), ინფორმაციისა და კომუნიკაციის (6,3 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (სასტუმროები და რესტორნები) (5,5 პროცენტი) სექტორების საწარმოებს“, — ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.