შინაგან საქმეთა სამინისტრომ საბავშვო ბაღში შესაძლო სასტიკი მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ეს ინფორმაცია უწყების ხელმძღვანელმა დაადასტურა. მისი თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
გუშინ ადგილობრივმა მცხოვრებმა, ედიტა დანელიანმა განაცხადა, რომ მისი შვილი საბავშვო ბაღში სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. სოციალურ ქსელში მან დაწერა:
„ჩემს შვილს ტანსაცმელს ხდიდნენ და იატაკზე აწვენდნენ, ბავშვი ყოველდღე 3–4 საათის განმავლობაში შიშველი რჩებოდა… ბავშვი დახმარებას ითხოვდა, აღმზრდელები კი იმავე ოთახში ისხდნენ და ტელეფონებში იყვნენ ჩამძვრალები… ისინი ჩემს შვილს ფსიქოლოგიურად ანადგურებდნენ და მასზე ფიზიკურად ძალადობდნენ“.
დღეს დანელიანმა სოციალურ ქსელში ფოტოები გაავრცელა და დაწერა: „აქ შეგიძლიათ ნახოთ, როგორ წევს ჩემი შვილი იატაკზე საათობით! იქ, სადაც ის დაფარულია, ბავშვები თამაშობენ და ერთობიან, ჩემი შვილი კი შიშველი წევს იატაკზე!“ მისი თქმით, ფოტოები ვიდეოდან არის ამოჭრილი (სკრინშოტებია) და მათ სოციალურ ქსელში სრულად გამოაქვეყნებს, როგორც კი გამოძიება დასრულდება.
უცნობია, რომელ ბაღზეა საუბარი.